სამ დღეში მეორედ შეცვლილი ჩვენება - 4 ოქტომბრის საქმის გამომძიებლის მტკიცებით, სასახლის ღობე მისი გადაწყვეტილებით არ დაილუქა
სამ დღეში მეორედ შეცვლილი ჩვენება - სასახლის ღობის საქმეზე სასამართლოში გამოკითხულმა გამომძიებელმა, ზურა კუპრავამ განაცხადა, რომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, არ დაელუქა საქმის მთავარი მტკიცებულება - ღობე.
ცნობისთვის, ზურა კუპრავა 4 ოქტომბრის საქმეზე რამდენიმე დღის წინაც გამოიკითხა, მაშინ მან სასამართლო სხდომაზე, მოწმეების თანდასწრებით თქვა, რომ სასახლის ღობის არ დალუქვა საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას გადაწყვეტილება იყო.
საქმის გამომძიებლის მტკიცებით, ვინაიდან საქმის მთავარი მტკიცებულება მოცულობით დიდი იყო, საგამოძიებო მოქმედებების დროს მათ სასახლის ღობეს მხოლოდ ფოტოები გადაუღეს.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაიკითხა სპეცრაზმელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე მძიმე დაზიანებები მიიღო და გაუტყდა ჩაფხუტი, რომელიც დაკარგულია.
- ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.