ჯანგველაძე გია ჩადუნელს და კახა ძანძავას არ ენდობოდა - კოკა მორგოშია
კოკა მორგოშია ამბობს, რომ თბილისში მოკლული ბიზნესმენი, ლევან ჯანგველაძე მის მძღოლს, გია ჩადუნელს არ ენდობოდა.
"ალტ ინფოს" ლიდერი, რომელიც ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ჩვენებას აძლევს, აცხადებს, რომ ჯანგველაძე არც კახა ძანძავას ენდობოდა, პირს, რომელიც საბედისწერო დღეს ჭავჭავაძის გამზირზე მასთან ერთად გადაადგილდებოდა.
მორგოშია ამბობს რომ კახა ძანძავასთან კითხვები ახლაც აქვს.
ლევანი გია ჩადუნელს და კახა ძანძავას არ ენდობოდა. როცა რამეზე ვლაპარაკობდით და რომელიმე ოთახში შემოდიოდა ჩუმდებოდა. მათ არ მოუყვებოდა საკუთარ პრობლემებზე. კახაზე მქონდა რაღაც კითხვები და დღემდე მაქვს", - განაცხადა მორგოშიამ.
შეგახსენებთ, რომ გია ჩადუნელი სასამართლოზე გამოიკითხა - მას მოუწია ეთქვა, რომ მკვლელობის საბედისწერო დღეს მან საკუთარი ინსტრუქციებით იმოქმედა და მიუხედავად იმისა, რომ ლევან ჯანგველაძემ ის გააფრთხილა, რომ მანქანა არ დაეტოვებია, მანქანიდან მაინც გადმოვიდა, პანაშვიდზე ავიდა, როგორც თავად თქვა, პერიმეტრის შესამოწმებლად.
ჩადუნელის თქმით, ტელეფონის გარდა, ჯანგველაძესთან რაციით ჰქონდა კომუნიკაცია. მძღოლმა სასამართლოს ასევე უამბო ოთარ ფარცხალაძის და ლევან ჯანგველაძის საქართველოში ორი შეხვედრის შესახებაც.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.