"ჯოხის გადატეხვა სურდათ ერთ პატიოსან კაცზე" - ტრაილერის მძღოლის ადვოკატი რეალური დამნაშავეების გამოვლენას ითხოვს
ტრაილერის მძღოლის, ფრიდონ მაღლაკელიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, თავის დროზე პროკურატურამ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უდანაშაულო ადამიანს ბრალდება წარდგინა.
მისი განმარტებით, საქმე ამ ეტაპზე გამოძიებულად ვერ ჩაითვლება.
- ცნობისთვის, ტრაილერის მძღოლი, ფრიდონ მაღლაკელიძე, რომელსაც საქართველოში 298 კგ "ჰეროინის" შემოტანას ედავებოდნენ, გაამართლეს.
- გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ გაუგებარია რატომ ვერ აღმოაჩინეს საბაჟოს თანამშრომლებმა ტრაილერში უკანონო ნივთიერება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია 298 კგ. "ჰეროინზე.
მისი თქმით, გაუგებარია უდანაშაულო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა და უამრავი სხვა ადამიანის, სავარაუდო დანაშაულში მონაწილეობაში მხილებული პირების პასუხისგებაზე უარის თქმა - "ჯოხის გადატეხვა სურდათ ერთ პატიოსან კაცზე".
ვარ უბედნიერესი და ეს არის ის მომენტი, როდესაც ხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, როდესაც ხედავ რომ უდანაშაულო ადამიანი გადაურჩება უვადო თავისუფლების აღკვეთას და დარბაზიდან თავისუფლდება, ეს არის ის მომენტი, რისთვისაც ღირს ადვოკატის ბრძოლა, რომელიც არის ძალიან მძიმე და ძალიან შრომატევადი.
რაც შეეხება საქმეს, ბატონ ფრიდონს ედავებოდნენ, თითქოს მან შემოიტანა საქართველოში 300 კგ-მდე"ჰეროინი". სინამდვილეში კი რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე - ბატონი ფრიდონი იყო სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და როდესაც დალუქული, ძვირადღირებული აგურები ჩააწყვეს ტრაილერში, რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, თუ აგურებში შიგნით მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. ბატონი ფრიდონი ვერ დატეხდა აგურებს და ბატონი ფრიდონი ამ ლუქებს თავისი ინიციატივით ნამდვილად ვერ მოხსნიდა, მისი ერთადერთი მოვალეობა იყო, რომ ტვირთი ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაეტანა.
ფრიდონის დაკავება და ასეთი მუხლით ბრალდების წაყენება მაშინ, როდესაც პასუხისგებაში არ არიან მიცემული ის პირები, ვინც დაგეგმა აღნიშნული დანაშაული, ვინც იცოდა, რომ იქ ნარკოტიკი იყო მოთავსებული, ვინც სინამდვილეში მოათავსა ნარკოტიკი და გადმოაგზავნა ქვეყანაში, ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემის გარეშე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქმე არ არის გამოძიებული და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე პროკურატურამ, რომ უდანაშაულო ადამიანს ბრალდება წარუდგინა, თუმცა მოსამართლემ ჩვენი არგუმენტები თავიდან ბოლომდე, მთლიანად გაიზიარა და უდანაშაულო ადამიანი გადაურჩა უვადო თავისუფლების აღკვეთას.
გაუგებარია, თუ ადამიანმა ტვირთი გაატარა ერთ საბაჟოზე, შემდეგ მეორე საბაჟოზე, რატომ ვერ აღმოაჩინეს საბაჟოს თანამშრომლებმა, რომ იქ იყო მოთავსებული უკანონო ნივთიერება - ნარკოტიკი, მით უმეტეს, აქ საუბარია 300 კგ.-მდე "ჰეროინზე", გაუგებარია უდანაშაულო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა და უამრავი სხვა ადამიანის, სავარაუდო დანაშაულში მონაწილეობაში მხილებული პირების პასუხისგებაზე უარის თქმა. ჯოხის გადატეხვა სურდათ ერთ პატიოსან კაცზე, თუმცა სასამართლომ ეს არ დაუშვა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოსამართლეს ამისთვის," - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
85 მილიონი დოლარის ღირებულების "ჰეროინის" საქართველოში შემოტანის საქმეზე ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" რამდენიმე თვის წინ გააკეთა.
- "შაბათის ეთერმა" დასვა კითხვა - ნარკოტიკების საქართველოს გავლით სომხეთიდან ნიდერლანდების სამეფოში გადატანას მფარველები ჰყავდა, თუ სისტემა ისე არის მოშლილი, რომ კონტროლს ვერ ახორციელებს?
- დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ აგურის საფასადე მასალებით დატვირთულმა ტრაილერმა საქართველოში ორი საბაჟო კონტროლი ისე გაირა, რომ 290 კილოგრამი ნარკოტიკი მებაჟეებმა ვერ შეამჩნიეს.
- საერთაშორისო ნარკოტრეფიკის საქმე გახსნილად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ივნისს, ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკებით სავსე ტრაილერის შემოსვლიდან მეცხრე დღეს გამოცხადა. თუმცა ამ განცხადებაში მინისტრის მოადგილეს არაფერი უთქვამს, როგორ გაიარა საქართველოში მკვლელი ნივთიერებით სავსე სატვირთომ მინუმუმ ორჯერ საბაჟო შემოწმება.