საქართველო იქცევა მკვდარი ავტომობილების სასაფლაოდ - ექსპერტები

12.03.26 17:17
საქართველო იქცევა მკვდარი ავტომობილების სასაფლაოდ - ექსპერტები

ავტომობილების იმპორტის გაძვირებას ექსპერტები და ავტოიმპორტიორთა წარმომადგენლები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ახალი წესები მანქანებს ნაკლებად ხელმისაწვდომს გახდის და ბაზარზე მოთხოვნას ვერ გაზრდის. მათი შეფასებით, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის მკვეთრი ზრდა განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს დააზარალებს, რომელთაც შედარებით იაფი ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა აქვთ.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ ახალი ტარიფები ბაზრის რეგულირებას ვერ უზრუნველყოფს და ავტომობილების შეძენა დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის კვლავ მიუწვდომელი დარჩება. 

რატომ უნდა შევიძინო  2016 წლის უფრო ძვირად, როცა შემიძლია, იგივე ფასად ვიყიდო 2023-24 წლის ავტომობილი? კი მოიხსნა ეს შეზღუდვა, მაგრამ ფაქტობრივად, მივიღეთ მეორე დადგენილება, რომელიც ანუ ბაზარი ამას ვერ დაარეგულირებს ანუ მოთხოვნას ამით ვერ გავზრდით და ნაკლებად მყიდველუნარიანი მოსახლეობისთვის ეს ავტოობილი ისევ და ისევ არ იქნება ხელმისაწვდომი. როცა შემოჰყავს რეექსპორტისთვის და ვერ ყიდის რეექსპორტზე, ერთადერთი დაზღვევის მექანიზმი არის შიდა ბაზარზე გაყიდვა. აქამდე იყო 6 წლამდე შეზღუდვა, ახლა გაძვირდა. კი, ბატონო, სეიძლება გარისკოს, თვითონ გადაიხადოს ანუ უარესია, კი, დაარეგისტრირებს, მაგრამ ახლა უფრო მეტი განბაჟების ვალდებულება ექნება, - ამბობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე. 

ეკონომისტი პაატა ბაირახტარი კი გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი ეკონომიკაზე და ავტოიმპორტის სექტორზე უარყოფითად აისახება. 

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური განცხადება და ცინიკური ტყუილი, რაც შეიძლება, საკუთარ მოქალაქეებს უთხრა. ეს არის საკუთარი მოქალაქეების, შეჭირვებული მოქალაქეების აბუჩად აგდება და იმ ადამიანების დაჩაგვრა, ვისაც არ აქვს საშუალება, იმოძრაოს შედარებით ახალი ავტომობილით. ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებზე აისახება, არამედ მთელ ეკონომიკას და კონკრეტულ ბიზნესსექტორებს მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბარიახტარი.  

პოლიტიკოსი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ცვლილება ავტოპარკის განახლების პროცესს შეაფერხებს და ქვეყანას უფრო ძველი და ეკოლოგიურად პრობლემური ავტომობილების გამოყენებისკენ უბიძგებს. 

საქართველო გახდება მკვდარი მანქანების სასაფლაო. 5 და 6 წლის მანქანას ვერ იყიდი, იძულებული ხარ, რომ შეინარჩუნო ძველი. ჩანაცვლებიტი პროცესი არ მოხდება და ნელ-ნელა ეს მანქანა კატალიზატორ გამოცლილი, ეკოლოგიურად საშინელი მანქანების ქვეყნად ვიქცევით. კორუფციული მექანიზმებიც ამოქმედდება. არ აის გამორიცხული, რომ ეს რარაც კრიმინალურ ბიზნესად გადაიქცეს, რეექსპორტსაც შეუშლის ხელს, - ამბობს რომან გოცირიძე. 

საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი არ აიკრძალება, თუმცა მათი განბაჟება მნიშვნელოვნად გაძვირდება. მთავრობის გეგმით, 6 წელზე უფროსი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ერთ კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრის ნაცვლად 4.5 ლარი გახდება.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის მიხედვით, 6 წელზე ძველი ავტომობილების იმპორტის ტარიფი 1 სმ³-ზე 0.8-დან 2.4 ლარამდეა, რაც ძრავის მოცულობისა და ავტომობილის ასაკის მიხედვით იზრდება.

ახალი წესის მიხედვით, აქციზის გადასახადი გამოითვლება ძრავის მოცულობისა და 4.5-ლარიანი ტარიფის გამრავლებით. ამასთან, შედარებით იაფი რჩება ახალი ავტომობილების განბაჟება — 0-დან 3 წლამდე მანქანებზე ტარიფი დაახლოებით 1.2–1.5 ლარია ერთ კუბზე. ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოქმედებს 50%-იანი საგადასახადო შეღავათი, ხოლო ელექტრომობილების იმპორტი სრულად თავისუფალია აქციზისა და დღგ-სგან.