საქმის გარჩევები "ქურდული" კანონებით - დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებს
ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულების ნაწილი ბრალს არ აღიარებენ - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" დაკავებულების ადვოკატებმა დაუდასტურეს.
ჯერჯერობით უფლებადამცველებმა მხოლოდ დაკევაბულების ნაწილი მოინახულეს, ცოტა ხანში ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან იზოლატორში შევლენ და როგორც ისინი აცხადებენ, უფრო მეტი დეტალი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
72 დაკავებულს შორის სამი ქალია. "პირველების" ინფორმაციით, ხელბორკილები დაადეს 60 წლის ქალს, რომელიც ერთ-ერთი დაკავებულის დედაა. მას გამოძება "ქურდულ სამყაროსთან" კავშირს ედავება.
„კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 77 პირს ბრალდება წარუდგინა, აქედან 5-ს დაუსწრებლად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან დგინდებ, რომ მილიონიანი საქმეები "კრიმინალური ავტორიტეტ" ასლან ქობულაძესთან იგივე "ბაბუსთან" წაიღეს. საუბარია 450 000 დოლარიან დავაზე (დაახლოებით 1 220 000 ლარი). ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის გინება, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით მუქარა.
პასუხისგებაში მისცეს „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე და მისი ძმაც, მეტსახელად „დუკა“.
- "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან ძმები წულუკიძეები. ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავებისას მისი დედა, 75 წლის ქალი დაშავდა. თამარ მიქელაძის შვილის მტკიცებით, დედამ უთხრა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ესროლა.
შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.