"ქურდული გარჩევების" საქმე - ბათუმის სასამართლომ 16 პირი პატიმრობაში გაუშვა, ქალი ბრალდებულის მიმართ კი გირაო გამოიყენა
"ქურდული გარჩევების" საქმე - ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 პირი პატიმრობაში გაუშვა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად - ქალი ბრალდებულის, მელანია ზოიძის მიმართ კი გირაო გამოიყენა. ქალი დარბაზიდან 7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში განსასჯელის სკამზე „ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული შემდეგი პირები ისხდნენ: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე და მელანია ზოიძე.
დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ მოხდა. ბრალდებულების თქმით, დაკავებისას მათზე ფიზიკურად იძალადეს.
იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს“, - განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას.
- ბათუმში სპეცოპერაციის დროს აყვანილ პირებს „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. სულ დაკავებულია 72 პირი. 5 მათგანს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან დგინდება, რომ მილიონიანი საქმეები "კრიმინალური ავტორიტეტ" ასლან ქობულაძესთან იგივე "ბაბუსთან" წაიღეს. საუბარია 450 000 დოლარიან დავაზე (დაახლოებით 1 220 000 ლარი). ფარულ ვიდეოჩანაწერში ისმის გინება, ასევე ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით მუქარა.
პასუხისგებაში მისცეს „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე და მისი ძმაც, მეტსახელად „დუკა“.
დაკავებულთა შორის არიან ძმები წულუკიძეები. ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავებისას მისი დედა, 75 წლის ქალი დაშავდა. თამარ მიქელაძის შვილის მტკიცებით, დედამ უთხრა, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენელმა ესროლა.
შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ "ქურდული სამყაროს" წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.