"[პატრიარქი] ჩემთვის არ მომკვდარა... უნიკალური მთის კაცის ეტალონი იყო" - ეთერ თათარაიძე
"ძალიან მძიმეა მართლა ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ ვერც ვაცნობიერებ, დავფიქრდები და [პატრიარქი] ჩემთვის არ მომკვდარა" - ამის შესახებ ფოლკლორისტმა, ეთერ თათარიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მისთვის ძალიან სანდო იყო, თავისი მთის კაცობით - "ის უნიკალური მთის კაცის ეტალონი იყო".
ძალიან მძიმეა მართლა ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ ვერც ვაცნობიერებ, დავფიქრდები და ჩემთვის არ მომკვდარა, ჯერ არ მინახავს, ვერ ავედი, განა ვერ ავალ, სულ ასე ბობღვით ავალ, რაც არ უნდა ავად ვიყო და არ შემეძლოს, ფეხით წავალ, მაგრამ ის ვნახო, რომ უკვე არ სუნთქავს. ეგ ხომ გარდუვალია ყველა ჩვენგანისთვის, ოდესმე, ღმერთმა დაგვიფაროს, ზოგი ახლა იწყებს ცხოვრებას და ხომ ვერსად ვერ დაემალება ადამიანი სიკვდილს და ეს მძიმე დღე დადგა. ადამიანი, რომელიც მართლა ნახევარ საუკუნეს უვლიდა და როგორც შეეძლო და არ შეეძლო უხმოდ, თავის თავის გამოუჩინებლად ემსახურებოდა თავის ქვეყანას. რამდენი ცოდვით დავღალეთ, რამდენი, გულწრფელად ვიტყვი, რამდენი შვილმკვდარი დედა მიიღო მარტო და სიკვდილისკენ პირქცეული მოაბრუნდა და დაუბრუნა თავის ქვეყანას, თავის სიკეთით, თავის თბილი გულით, თავის საუბრებით, არ დაიღალა და არ დაღალა ტავი იმით, რომ უერთგულა ადამიანებს, რომ მათ გვერდით ყოფილიყო. მე ეგრე მეჩვენებოდა და ჩვენ ყველას გვეჩვენებოდა, ვისაც მასთან შეხების შესაძლებლობა გვქონდა, რომ ჩვენ ყველაზე მაგრად ვუყვარდით. წარმოუდგენელი იყო, გეჩვენებოდა, რომ შენზე მაგრად არავინ არ უყვარდა, ეს ძალა საიდან ჰქონდა. მართლა უყვარდა ყველა. [...]
პირველ რიგში, ის ჩემთვის იყო ძალიან სანდო და რით იყო - მთის კაცობით, არ გამიგოთ ეს თავხედობად, მაგრამ ის უნიკალური მთის კაცის ეტალონი იყო, პირველ რიგში, როგორც ადამიანი, რომელმაც ამხელა ტვირთი აიღო და ბოლო წამამდე იმას უერთგულა და იდგა სითბოს და სიყვარულის მხარეს. არა ერთმანეთის დაჯახების, არამედ დამშვიდდით, ჩვენ ხომ დაუმშვიდებელი ერი ვართ... მე ვამაყობდი ჩემთვის, რომ ის იყო მთის კაცი, რომელიც ედგა მთელ ერს სათავეში და არ ეშლებოდა," - ამბობს ეთერ თათარაიძე.