ნავთობის ექსპორტი და სანქციების რისკი - ექსპერტები პროცესს საეჭვოდ აფასებენ
საქსტატის გამოქვეყნებული მონაცემების შემდეგ, რომლის მიხედვითაც საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვალში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ექსპერტები პროცესს საეჭვოდ აფასებენ და მთავარ რისკად ნავთობის წარმომავლობას ასახელებენ — მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში შემოსული ნედლეული სანქცირებულ ტვირთს უკავშირდებოდეს და შემდგომ გადამუშავებული სახით გადიოდეს ექსპორტზე.
ამ რისკებზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც, რომელიც განსაკუთრებით ნავთობის წარმომავლობის გამჭვირვალობის პრობლემას უსვამს ხაზს.
პრაქტიკულად, აქამდე ნავთობპროდუქტების ექსპორტს არ ვახორციელებდით და დაიწყო ამ წლიდან, რაც ეს ქარხანა გაეშვა, ჩვენ, პრაქტიკულად, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მის სიმძლავრეებთან დაკავშირებით, უბრალოდ, ვიცით რომ რაღაცა X ნავთობის შემოტანა და მისი გადამუშავება დაიწყეს.
პრობლემა არის ნავთობის წარმომავლობასთან დაკავშირებით, თორემ იმას გადავამუშავებთ და შემდეგ გავიტანთ ექსპორტზე თუ ნედლი სახით გავიტანთ, ამით არსებითად სურათი არ იცვლება. აქ მთავარი პრობლემა მდგმარეობს იმაში, ხომ არ შემოდის ქვეყანაში დასანქცირებული ტვირთი და მისი შემდგომი სახეცვლილება ხომ არ ხდება და ის ხომ არ გადის შემდგომში ექსპორტზე.
სანქციების ნაწილში უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად ოახერხებს ჩვენი ქვეყანა, რომ დაასაბუთოს, რომ ეს არის თეთრი ნავთობი, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
სანქციების შესაძლო შედეგებსა და პროცესის მომავალ განვითარებაზე კი უფრო მკვეთრ შეფასებას აკეთებს ბესიკ დონაძე, რომლის თქმით, არსებული სქემა დიდხანს ვერ შენარჩუნდება.
ფაქტი არის ერთი, რომ ეს ქარხანა მიიღებს და ამუშავებს რუსულ ნავთობს და მორჩა, წერტილი. ის, რომ ამ ქარხანას პრობლემა შეექმნება, ნამდვილად შეექმნება იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ მოკლე დროში ეს ქარხანა ამდენ ნავთობს ვერ გადაამუშავებს. როდესაც ნავთობის გადაუშავება არ ხდება, ძალიან მარტივი სქემა არის აქ მერე, რომ უბრალოდ, უკვე გადამუშავებული ნავთობი მიეწოდება ისეთ ქვეყნებს, რომელ ქვეყნებსაც რუსეთი ვერ აწვდის ნავთობს და პრობლემა აქვს და იქ ყიდის რუსულ ნავთობს რეალურად.
თებერვალი რადგან გადაგორდა ისე, რომ სანქციები არ დაედო, მათთვის უკვე წარმატებაა. ახლა შეეცდებიან მარტი გადააგორონ, მერე აპრილი და ა.შ.მაგრამ ფაქტი იქნება კიდევ ერთი ის, რომ აუცილებლად მოხდება ამ კომპანიების სანქცირება, - ამბობს ბესიკ დონაძე.
ევროკავშირი აგრძელებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას — ამ ეტაპზე სანქცირებულ სიაში უკვე 605 ტანკერია, ხოლო მე-20 სანქციურ პაკეტში კიდევ დაახლოებით 40 ხომალდის დამატება იგეგმება. ამ პროცესის ფონზე, მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა წერილით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, სადაც საუბარია ყულევის პორტის შესაძლო სანქცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი თავდაპირველად განიხილებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების მიღების გამო, საბოლოოდ გადაწყვეტილება გადაიხედა ქართული მხარის მიერ აღებული ვალდებულებების შემდეგ.
პარალელურად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან დაახლოებით 30 მილიონი დოლარის საწვავი გავიდა ექსპორტზე, რომლის ძირითადი ნაწილი ტოგოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.