ბესელია: დარწმუნებული ვარ, პატრიარქისთვის დიდი სიხარული იქნებოდა იმ პატიმრების თავისუფლება, რომელთაც არ შეუძლიათ მას დაემშვიდობონ
მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელი, ეკა ბესელია ამბობს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პატიმრების ნუგეშიმცემელი იყო და მუდამ ზრუნავდა მათზე.
ბესელია დარწმუნებულია, რომ პატრიარქისთვის დიდი სიხარული იქნებოდა იმ პატიმრების გათავისუფლება, რომელთაც დღეს არ შეუძლიათ უწმინდესს დაემშვიდობონ და სამძიმარზე მივიდნენ.
დიდი მეოხე იყო, დიდი ნუგეშისმცემელი პატიმრების, მუდმივად ფიქრობდა და ზრუნავდა მათზე. მე დარწმუნებული ვარ, პატიმრებს, რომელთაც არ შეუძლიათ პატრიარქს დაემშვიდობონ და მასთან მივიდნენ, ჩვენი პატრიარქისთვის ძალიან დიდი სიხარული იქნებოდა მათი თავისუფლება და უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვის ხელშიც არის ამის გადაწყვეტილება", - აცხადებს ეკა ბესელია.
გუშინ პატრიარქის სურვილზე და პატიმრების შეწყალებაზე ფეისბუკ ლაივში ისაუბრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლმა:
ყველა ნაბიჯი, რაც შეიძლება იყოს იმ დღეს გადადგმული, უნდა იყოს მიძღვნილი ერთობის, მშვიდობის და ერთმანეთის სიყვარულისკენ. ეს იქნება შეწყალება იმ ადამიანების, რომლებიც სრულიად უსამართლოდ სხედან ციხეში, ეს პატრიარქმა ძალიან კარგად იცოდა, მიუხედავად იმის, რომ შესაძლოა, ვეღარ ამბობდა, თუმცა მას ასეთი სურვილი ალბათ ექნებოდა, რომ არავინ დარჩენილიყო, ვისაც არ ექნებოდა საშუალება, მისთვის პატივი მიეგო, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამ საკითხზე დღეს "პირველებმა" კითხვები დაუსვა "ოცნების" დეპუტატ ლადო ბოჟაძეს:
ასეთ დროს პოლიტიკური ინტერესების გატარება და მცდელობა, რომ პატრიარქის გარდაცვალებით ვინმემ პოლიტიკური დივიდენდები დაიწეროს, რა თქმა უნდა მიუღებელია. რაც შეეხება ვინმეს შეწყალებას ან ამნისტიას, ეს უკვე პოლიტიკური პროცესია და დაველოდოთ. მთავარია ახლა ღირსეულად გავაცილოთ პატრიარქი უკანასკნელ გზაზე", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.