მკვლელობა, სავარაუდოდ, კომპიუტერული თამაშის გამო - რას ამბობენ ექსპერტები?
ექსპერტები გურიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ თუ სახელმწიფოს ინტერნეტში არსებულ დამაზიანებელ ინფორმაციაზე, მასალაზე, თამაშებზე არანაირი კონტროლი არ ექნება, ხოლო ახალგაზრდებს არანაირი ცოდნა, "ასეთი შემთხვევების გაზრდის ალბათობა ძალიან მაღალია".
- "პირველების" ინფორმაციით, გურიაში მკვლელობა სავარაუდოდ კომპიუტერული თამაშის გამო მოხდა.
- არსებული ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელი, 60 წლამდე კაცი სავარაუდოდ, უცნობი პირისგან მიღებული დავალების გამო მოკლა.
ფსიქოლოგი მაია ცირამუას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდობის პერიოდში ახალგაზრდებისთვის ციფრული უსაფრთხოების საკითხების სწავლება.
თუკი ჩვენ ასე მივუშვებთ ამ გაშლილ ოკეანეში ამ ახალგაზრდებს, სადაც მართლა ყოველ ნაბიჯზე შეიძლება ისინი მათთვის დამაზიანებელ მასალას, ინფორმაციას, თამაშს წააწყდნენ და ამაზე არ ექნება სახელმწიფოს არანაირი კონტროლი და ახალგაზრდას არანაირი ცოდნა, ნავიგაცია როგორ გააკეთოს, ასეთი შემთხვევების გაზრდის ალბათობა არის ძალიან მაღალი.
ძალიან მნიშვნელოვანია, იგივე, თუნდაც სასკოლო ასაკში, განსაკუთრებით, როდესაც მოზარდობის ასაკში, ამ ციფრული უსაფრთხოების საკითხების სწავლება ბავშვებისთვის და კარგად გააზრება იმისა, რომ ძალიან ბევრი სახიფათო ინფორმაციით არის გაჯერებული ვირტუალური სივრცე," - ამბობს მაია ცირამუა.
ფსიქოთერაპევტი, ლიკა ბარაბაძე განმარტავს, რომ თუ ადამიანი აქტიურად ეძებს სივრცეს, სადაც შეეძლება თვითმკვლელობაზე ისაუბროს, ან სადაც შესაძლოა ძალადობა იყოს მოწონებული, ნიშნავს, რომ ის ეძებს სივრცეს,სადაც ნორმალიზებული იქნება მისი საქციელი.
თუკი მე უკვე აქტიურად ვეძებ სივრცეს, სადაც შემიძლია ვისაუბრო თვითმკვლელობაზე, ან აქტიურად ვეძებ სივრცეს, სადაც შეიძლება აგრესია და ძალადობა იყოს მოწონებული, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ჯერ თამაშში ვნახე და მერე მომინდა, ეს ნიშნავს, რომ მე უკვე მინდა და მერე სივრცეს ვეძებ, სადაც ეს იქნება ნორმალიზებული.
შეიძლება ვიდეო თამაშის ყურების შემდეგ ადამიანს გაუჩნდეს ძალადობრივი ქმედების ჩადენის სურვილი, ოღონდ თამაშმა კი არ გაუჩინა, თამაშმა გაუღვივა, გაუნორმალურა," - თქვა ლიკა ბარაბაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა.
უწყება წერს, რომ მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის უცნობია, რა პოზიცია აქვს მკვლელობაში ბრალდებულს.