მკვლელობა კომპიუტერული თამაშის გამო? - "პირველების" ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

25.03.26 12:59
მკვლელობა კომპიუტერული თამაშის გამო? - "პირველების" ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს

"პირველებს" ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ გურიაში მკვლელობა სავარაუდოდ კომპიუტერული თამაშის გამო მოხდა.

კონიდენტის მტკიცებით, 23 წლის ახალგაზრდამ მეზობელი, 60 წლამდე კაცი სავარაუდოდ, უცნობი პირისგან მიღებული დავალების გამო მოკლა.

დაკავებული ახალგაზრდის ოჯახი ადასტურებს, რომ  მათი სახლიდან კომპიუტერი გამოძიებამ უკვე ამოიღო, რაც იმას ნიშნავს ახლა სამართალდამცველები შიფრავენ შესაძლო დავალებების შინაარსს. 

მეზობლის მკვლელობის ბრალდებით 23 წლის გიორგი ჩხაიძეა დაკავებული. როგორც "პირველებს" ეუბნებიან, ამჟამად დაკავებული ახალგაზრდა ტყეში იპოვეს, მას დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. 

დაკავებულის მამა, TV პირველთან აცხადებს რომ მისი შვილი გვიან ღამით ტყეში იპოვეს, კაცი ადასტურებს, რომ გიორგი კომპიუტერს ხშირად იყენებდა. 

აზრზე არ ვარ რას აკეთებდა, კომპიუტერთან იჯდა 24 საათი. ღამის 04:00 საათზე იძინებდა და პირველზე დგებოდა ლოგინიდან. მეზობლის მკვლელობის შემდეგ, ტყეში გაიქცა. ვნახეთ, რომ თვითონაც გადაუჭრია ვენები. 

გამომძიებლები დაინტერესდნენ [რა სახის კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა], თუმცა მე არაფერი ვიცი. სახლი გაჩხრიკეს, წაღეს სისხლიანი ტანსაცმელი, ტელეფონი და კომპიუტერი"- აცხადებს დაკავებულის მამა.

"პირველები" ესაუბრა სოფელ ჭონკათის დეპუტატსაც - გელა აროშიძე ადასტურებს სოფელში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად განიხილება კომპიუტერული თამაში განიხილება.

გავიგეთ რომ კომპიუტერულ თამაშებს თამაშობდა ეს ბიჭი და შეკვეთილი ჰქონდა... მკვლელობაში ბრალდებულისა და მოკლულის ოჯახებს კარგის მეტი არაფედრი გაუკეთებიათ ერთმანეთისთვის. თავად ეს ბავშვი ჩაკეტილი იყო და გარეთ საერთოდ არ გამოდიოდა, სულ კომპიუტერთან იყო. პოლიციამ თქვა, რომ 23 წლის ბიჭს თვითდაზიანებებიც აქვს მიღებული. მთელი ღამე აქ საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობდა" - განბაცხადა მან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა.

უწყება წერს, რომ მეზობლად მცხოვრებ პირს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის უცნობია, რა პოზიცია აქვს მკვლელობაში ბრალდებულს.