ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, ზიანი აანაზღაუროს - ადვოკატი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე მზად არის, რომ ზიანი აანაზღაუროს - ამის შესახებ მედიას ყოფილი მაღალჩინოსანის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ხათუნა ხურცილავამ განუცხადა.
მისივე თქმით, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, პროკურატურას დღეს მიმართავენ. რაც შეეხება პირობებს, ხურცილავა ამბობს, რომ დაცვის მხარე ბურჭულაძის გათავისუფლებას პირობითით ითხოვს.
„ჩვენ მზად ვართ ზიანი ავანაზღაუროთ. რაც შეეხება სასჯელს, რატომ უნდა იყოს საპატიმრო სასჯელი? პირობითით ვითხოვთ გათავისუფლებას, დეტალებს გავივლით“, - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.