"[სატელეფონო საუბარი] არ ნიშნავს ლეგიტიმაციას"- ექსპერტი

31.03.26 17:51
"[სატელეფონო საუბარი] არ ნიშნავს ლეგიტიმაციას"- ექსპერტი

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარი ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს ირანის რეჟიმთანაც აწარმოებს - "სატელეფონო საუბარი, სატელეფონო საუბარია და მეტი არაფერი". 

ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ სატელეფონო ზარის დროს ირანის და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 

სატელეფონო საუბრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უსაფრთხოების საკითხები იყო განხილული, უსაფრთხოების საკითხები კი ახლა, როდესაც ომი მიმდინარეობს ირანთან, შეერთებული შტატებისთვის, ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირველ რიგში არის სწორედ ეს ირანის საკითხი, ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორედ ირანის საკითხი იყო განხილული. ირანის საკითხი, რომელიც ამ სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და საქართველოც სამეზობლოში შედის. 

ვფიქრობ, რუბიოსთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა პირველი წყაროსგან, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ ომთან მიმართებაში. 

ლეგიტიმაციის მიცემის საშუალებას ნამდვილად არ მისცემდნენ და არც არის ასე იმიტომ, რომ იგივე ირანის რეჟიმთანაც შეერთებული შტატები აწარმოებს მოლაპარაკებებს და ეს საიდუმლო არ არის, ეს არ ნიშნავს ლეგიტიმაციას. 

ურთიერთობებში რამე დიდი ძვრა არის? - არაფერი. სატელეფონო საუბარი, სატელეფონო საუბარია და მეტი არაფერი," - თქვა ზურაბ ბატიაშვილმა. 

  • გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
  • სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბარი ორმხრივ ინტერესებს, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას შეეხებოდა. 
  • მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელ მაღალჩინოსანთან პარტნიორობის გადატვირთვის შესახებ ისაუბრა.