გელა უძილაურის ჩვენება: გამომძიებლები მთავაზობდნენ, მიქაძეები და ჯოხაძე მკვლელობის დამკვეთებად დამესახელებინა

01.04.26 19:26
გელა უძილაურის ჩვენება: გამომძიებლები მთავაზობდნენ, მიქაძეები და ჯოხაძე მკვლელობის დამკვეთებად დამესახელებინა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა სასამართლოში განაცხადა, რომ მასთან ციხეში გამომძიებლები შევიდნენ და შეღავათების სანაცვლოდ ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის მკვლელობის დამკვეთებად დასახელება შესთავაზეს. 

​გელა უძილაურის განცხადებით, აღნიშნული საქმის ერთადერთი დამნაშავე თავად არის. 

ერთადერთი დამნაშავე მე ვარ ამ საქმის. ციხეში შემოვიდნენ გამომძიებლები იოსებ სიგუა, გიორგი ავალიშვილი და მთავაზობდნენ, თუ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს მკვლელობის დამკვეთებად და ორგანიზატორებად დავასახელებდი შეღავათებსაც მივიღებდი," - თქვა გელა უძილაურმა სასამართლოში. 

შეგახსენებთ, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე წარმოებად გამოყოფილ პროცესზე მსჯავრდებული გელა უძიალაური იკითხება.  

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

[ფოტო: არქივიდან]