სასამართლოში ჯარის ძარცვის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს - მისცემს თუ არა ჩვენებას ჯუანშერ ბურჭულაძე
ჯარის ძარცვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად დაკავებული, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჯუანშერ ბურჭულაძის შვილი და აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი დაიკითხებიან. ამასთან, თავდაცვის ყოფილი მინისტრის უფლებადამცველის განცხადებით, ბრალდებულმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შესაძლოა სასამართლოს დღეს მისცეს ჩვენება.
ჯერ იკითხება ჩვენი დაცვის მოწმეები და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, მისცემს თუ არა ჩვენებას. ჯერ არ ვიცით, აი დრეს მივიღებთ გადაწყვეტილებას. ხვალაც გვაქვს პროცესი და შეიძლება ხვალინდელი დღე დავიტოვოთ მოსაფიქრებლად. დროში როგორ ჩავეტევით ამასაც მნიშვნელობა აქვს.
შვილი, დავით ბურჭულაძე დაიკითხება [დღეს], კი, საქართველოშია. აუდიტი [დაიკითხება კიდევ]. დიახ, ჩემი ხელმოწერა აქვს [მხოლოდ საპროცესო შეთანხმებას], რა მნიშვნელობა აქვს, როცა დადგება დღის წესრიგში საპროცესო შეთანხმების ოქმები, მოეწერება [ხელი]. მისი [ჯუანშერ ბურჭულაძის] ხელმოწერა ან არ მოწერა არ ნიშნავს უარყოფას. კანონში არ არის დაწერილი რომ აუცილებლად ბრალდებულის ხელმოწერა იყოს, აქედან გამომდინარე, ეს არ უშლის ხელს საპროცესო შეთანხმებას.
ზიანი თუ იქნება აუცილებლად აანაზრაურებს. ვნახავთ [ბრალს აღიარებს თუ არა], ყველა მოვისმენთ დღეს ან ხვალ მაგ პოზიციას, ბატონმა ჯუანშერმა რა გადაწყვიტა. არა, საპროცესოს ბედი მის ჩვენებაზე არ არის დამოკიდებული, ეს ურთიერთშეთანხმებაზეა, ბრალდების მხარემ თანხმობა უნდა გამოხატოს," - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საპროცესო გარიგებას ითხოვს.
ამასთან, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატის თქმით, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართავს.
უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, საუბარი პირობით მსჯავრზე იქნება.
საქმის დასრულებამდე არის დაახლოებით 20 დღეზე მეტი დარჩენილი და მივმართავთ საპროცესო შეთანხმებაზე აუცილებლად პროკურატურას. არ ვიცი ჯერ პირობები, მაგრამ ალბათ იქნება პირობით მსჯავრზე საუბარი. ვერ გეტყვით [პროკურატურა მოგვყვება თუ არა პირობებზე], ჯერ არ გვქონია ამაზე საუბარი, უბრალოდ ჩვენ მივმართავთ განცხადებით, როგორც პროცედურა მოითხოვს და მერე უკვე მათზეა დამოკიდებული რა პირობას გადაწყვეტენ. აპრილის ბოლოს სრულდება საქმის განხილვა და ამიტომ მივმართავთ, მაგ საკითხის გადაწყვეტას დიდი დრო არ სჭირდება," - თქვა უფლებადამცველმა.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.