გამომძიებლის ჩვენება: "4 ოქტომბერს ერთ-ერთი კამერა წებოვანი ლენტით, ნაწილი საღებავით იყო დაფარული"

07.04.26 14:38
გამომძიებლის ჩვენება: "4 ოქტომბერს ერთ-ერთი კამერა წებოვანი ლენტით, ნაწილი საღებავით იყო დაფარული"

სასახლის ღობის საქმე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა, აკაკი ქადაგიშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ სასახლის მიმდებარედ, ერთ-ერთი კამერა წებოვანი ლენტით, ნაწილი საღებავით იყო დაფარული, ზოგს კი მიმართულება ჰქონდა შეცვლილი. 

  • აკაკი ქადაგიშვილმა 16 მარტს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს უთხრა, რომ 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლესთან სამეთვალყურეო კამერებს მიმართულება შეცვლილი ჰქონდა. ის, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე კიდევ ერთხელ იკითხება. 

ადვოკატ, გიორგი ჩხეიძის კითხვაზე იყო თუ არა ამ კამერებიდან ზოგი მერიის, ზოგი კი 112-ის, მოწმემ განაცხადა, რომ ინფორმაცის არ ფლობს.

ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე: - რამდენი კამერა დათვალეთ?

აკაკი ქადაგიშვილი: - დაახლოებით 10 ან 15

ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე: - ამ კამერებიდან ნაწილი იყო მერიის ნაწილი 112?

აკაკი ქადაგიშვილი: - არ ვფლობ ინფორმაციას.

ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე: - დაზიანებული რა იყო?

აკაკი ქადაგიშვილი: - მერიის მუნიციპალიტეტის სკამები, ურნები.

ადვოკატი, გიორგი ჩხეიძე: - თუ დააფიქსირეთ რომ რომელიმე კამერას შეცვლილი ხომ არ ჰქონდა რაკურსი?

აკაკი ქადაგიშვილი: - ოქმში ავსახე, კამერა იყო დაზიანებული, ფხოვის ქუჩაზე და კი მინახავს ასეთი შემთხვევები, ფურცელაძე ფხოვის ქუჩაზე იყო, ეს თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთი კამერა იყო წებოვანი ლენტით დაფარული... ნაწილი საღებავით იყო დაფარული, ატრიალებულიც. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს. 

  • ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
  • ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.