ბრძოლა კორუფციასთან თუ ელიტური გარიგებების დაკანონება - რა იცვლება პრივატიზაციის შესახებ კანონში
სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი წესები კითხვებს აჩენს — შეამცირებს თუ არა ცვლილებები კორუფციას, თუ პირიქით, გაზრდის რისკებს. საკითხი შეისწავლა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელმაც შესაძლო შედეგებზე კრიტიკული შეფასებები გაავრცელა.
კვლევის მიხედვით, ირაკლი კობახიძე თავდაპირველად აცხადებდა, რომ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა გაუქმდებოდა, თუმცა მოგვიანებით მიღებული დადგენილება, ორგანიზაციის შეფასებით, ქმნის რისკს, რომ მსხვილ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის გარიგებები დახურულ კარს მიღმა განხორციელდეს.
ახალი წესებით დაწესებულია 100 მილიონი ლარის საინვესტიციო ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების შეძენა მხოლოდ იმ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებიც აღნიშნული მოცულობის ინვესტიციას განახორციელებენ. ექსპერტების შეფასებით, ასეთი რესურსი საქართველოში მხოლოდ მცირე, ელიტურ ბიზნესჯგუფებს აქვთ, რომელთა ნაწილი "ოცნების" ხელისუფლებასთან კავშირებით ხასიათდება. შედეგად, საშუალო ბიზნესი პრივატიზაციის პროცესს პრაქტიკულად ეთიშება.
ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ინვესტიციის მოცულობა არ იძლევა გარანტიას, რომ სახელმწიფო ქონება რეალურად ბაზარზე შესაბამის ფასად გაიყიდება.
კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს ეხება. შეფასების მიხედვით, ბერკეტები სრულად მთავრობის ხელში რჩება — ნებისმიერ პროექტს შესაძლოა მიენიჭოს „საზოგადოებრივი ინტერესის“ სტატუსი, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს კონკრეტულ ბიზნესს სარგებელი მიანიჭოს, მაგალითად, სასტუმროებისა თუ სავაჭრო ცენტრების მშენებლობის შემთხვევაში.
დადგენილებაში ასევე არ არის მკაფიოდ განსაზღვრული გამჭვირვალობის მექანიზმები, რაც, ექსპერტების შეფასებით, კორუფციის შემცირების ნაცვლად, მის გაზრდილ რისკებს ქმნის.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.