სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებული გიორგი კირვალიძე დარბაზიდან გააძევა

15.04.26 12:40
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებული გიორგი კირვალიძე დარბაზიდან გააძევა

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებული გიორგი კირვალიძე დარბაზიდან გააძევა.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც კირვალიძემ პროკურატურის მოწმესთან, გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძესთან კითხვების დასმა გადაწყვიტა.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული განსასჯელის სკამიდან ხსნიდა, რომ თავდასხმის მსხვერპლი დიდი შეკრების დღეს თავად გახდა.

კირვალიძემ მოწმე პოლიციელს უთხრა, რომ "სტანდარტული მატყუარაა". 

ბრალდებულმა ასევე ქართულ მართლმსაჯულებაზეც გააკეთა კომენტარი და სასამართლო პროცესები ჩრდილოეთ კორეის მაგალითს შეადარა, რის შემდეგაც მოსამართლემ ის სხდომიდან გააძევა. 

"თქვენ ბიძინას რობოტუნები...ჩვენ კიდე შევხვდებით" - თქვა კირვალიძემ დარბაზის დატოვებისას. 

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

გარდა ამისა, მათ ასევე ედავებიან სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები