მესამე თვეა მშობლები მედიკამენტებს ითხოვენ - თურაზაშვილი კობახიძესა და სარჯველაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებს

15.04.26 15:37
მესამე თვეა მშობლები მედიკამენტებს ითხოვენ - თურაზაშვილი კობახიძესა და სარჯველაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებს

მესამე თვეა მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტებისა და სპეციალური პროგრამის მოთხოვნით უშედეგოდ მიმართავენ ხელისუფლებას — აღნიშნულის შესახებ "ძლიერი საქართველოს" გუნდის წევრი, ქეთი თურაზაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ირაკლი კობახიძე და მიხეილ სარჯველაძე მშობლებს არ ხვდებიან და მათი პრობლემებით არ ინტერესდებიან, მაშინ როცა საკითხი დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს. 

მესამე თვეა მშობლები უშედეგოდ იბრძვიან საკუთარი შვილების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მესამე თვეა ითხოვენ მედიკამენტს, ითხოვენ სპეციალურ პროგრამას, მაგრამ არც პრემიერ-მინისტრი და არც ჯანდაცვის მინისტრი არ ხვდებიან მშობლებს, სამარცხვინოდ იმალებიან მესამე თვეა, არადა ძალიან მარტივია შეხვედრა, მოსმენა, თანაგრძნობა და მოქმედება. პასუხისმგებლიანი ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა, მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ძალიან რთული და მძიმე მოცემულობა, საერთოდ არ ინტერესებს ქართულ ოცნებას და მის მაღალჩინოსნებს ჩვენი მოქალაქეები და განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ.
სულ რომ ერთი ადამიანი იდგეს ასეთი მძიმე მოთხოვნით, ერთ ადამიანს უნდა შეხვდე, როდესაც ხარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უფრო სწორად როდესაც გქვია პრემიერ-მინისტრი. აქ ათობით მშობელი დგას, რომელიც იბრძვის საკუთარი შვილისთვის. ბედავენ ირაკლი კობახიძე და მიშა სარჯველაძე და არ ხვდებიან ამ ადამიანებს, არ უსმენენ მათ, არადა რომ კითხო ხან რის კომისიას ქმნიან და ხან რისას. ქმნიან ილუზიას ვითომ რამეზე მუშაობენ. რეალურად ასეთ მძიმე საკითხებზე უნდა ისხდნენ და მუშაობდნენ თავაუღებლად. სამწუხაროდ საქართველოს ყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც ძალიან მალე უნდა შევცვალოთ და შევცვალოთ სამართლიანი არჩევნების გზის, - ამბობს ქეთი თურაზაშვილი.