დემეტრე ჩიქოვანის დედის მესიჯი დამხვდა, შენთან უნდა მოვიდე, სათქმელი ბევრი მაქვსო - მოკლული მასწავლებლის დედა

15.04.26 15:43
დემეტრე ჩიქოვანის დედის მესიჯი დამხვდა, შენთან უნდა მოვიდე, სათქმელი ბევრი მაქვსო - მოკლული მასწავლებლის დედა

 

 

მოკლული მასწავლებლის საქმე - საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, დემეტრე ჩიქოვანის დედა, სოფო ძნელაძე შვილმკვდარ დედას პირისპირ შეხვედრას სთხოვს. როგორც მოკლული პედაგოგის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შეტყობინება მას დღეს დახვდა, იმ დროს როცა სასამართლოში  ანი ნასყიდაშვილის და დემეტრე ჩიქოვანის პროცესი მიმდინარეობდა. 

  • ცალკე გამოყოფილ საქმეზე დემეტრე ჩიქოვანს გამოძიება გიგა ავალიანის თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავება.

დღეს იმ ,,მოშიმშილე", მჩხავანა, უსახური მდედრი ელემენტის, დემეტრე ჩიქოვანის დედის, სოფო ძნელაძის მესიჯი მხვდება ტელეფონში, 
,,შენთან უნდა მოვიდე, სათქმელი ბევრი მაქვს."-ო!!!
🔥ჰოდა, პროკურატურავ, გააძვრეთ ტყავი, ამ ნაძირალა ქალს, დაიბარეთ პოლიციაში, ბევრი რამ ჰქონია სათქმელი და ჩამოკაკლოს ყველაფერი!!!!
⛔მასხრად მიგდებს ეს აღვირახსნილი მდედრი, 
,,მოვალ, როგორც დედა დედასთან."-ო!
❌23 წლის და უკვე 3-ჯერ ნასამართლები გიორგის და პირსისხლიანი დემეტრეს დედობა როგორ შეადარა ჩემი შვილების დედობას!- წერს სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძე. 

წერილის მიწერა დღეს მედიასთან დაადასტურა დემეტრე ჩიქოვანის დედამაც, თუმცა სოფიო ძNელაძემ სმს-ის შინაარსის შესახებ საუბარი არ ისურვა. 

ქალბატონ ეკას აქვს ჩემი მიწერილი სმს და სთხოვეთ, რომ მან გაასაჯაროოს. მე მას ჩემი პირადი ემოციები მივწერე და ამაზე საუბარი საჯაროდ არ მინდა. მიმაჩნია და ვთვლი, რომ ის დიალოგი გვეკუთვნის ჩვენ", - აცხადებს სოფო ძნელაძე. 

  • ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

ვის რას ედავებოდა გამოძიება?

  • ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
  • გიორგი რიკაძე  - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
  • დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

რა მოხდა  2025 წლის პირველ ოქტომბერს?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

    რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

    სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.