"დუმილის უფლებას ვიყენებ" - ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

15.04.26 19:00
"დუმილის უფლებას ვიყენებ" - ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის, ტარიელ რიჟვაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის დეტალებს გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. 

მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. 

ბრალდებულს მოსამართლემ პროცესზე პოზიციის დაფიქსირება სთხოვა, რაზეც ტარიელ რიჟვაძემ განაცხადა: "დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე". 

ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, დღევანდელ სხდომაზე პროკურორმა, აკაკი მოქერიამ ბრალდებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რადგან მისი თქმით, არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. 

რაზეც დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდებულმა "დანაშაული შეიძლება ჩაიდინა, მაგრამ არ უცდია გაქცევა". 

პოლიციის სტაჟიანი თანამშრომელია, შეეძლო მიმალულიყო, მაგრამ მან თანხაც უკან დააბრუნა… სხვათა შორის, ბატონ პროკურორს არ უხსენებია შემამსუბუქებელი გარემოება," - განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

ადვოკატმა ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის გათავისუფლება მოსამართლეს 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე სთხოვა. 

განიცდის… უარყოფითად აისახება მის კარიერაზე, ეს იყო ამოუხსნელი ნაბიჯი, როგორ აღმოჩნდა საბრალდებო სკამზე," - დაახლოებით ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.

  • "ბათუმელების" ცნობით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დღევანდელ სხდომაზე დასაშვებად მიიჩნიეს და სადავოდ, რაც ნიშნავს, რომ მტკიცებულებებს არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკვლევენ და მოსამართლეს თითოეული მოწმის მოსმენა მოუწევს, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება.
  • ადვოკატი და პროკურორიც ამბობს, რომ ამ ეტაპზე საპროცესოს გაფორმება არ განიხილება.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმელი პოლიციელი ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეჭრა, მოლარეს ემუქრებოდა, რომ სიცოცხლისთვის საშიშ დაზიანებებს მიაყენებდა, გაიტაცა 2900 ლარზე მეტი და გაიქცა.