ხალხს ერთდღიანი ზეიმი 1.5 მლნ ლარი უჯდება
პოლიციის 1 დღიანი ზეიმი, საქართველოს მოქალქეებს მილიონ ნახევარი დაუჯდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლციის დღისთვის ემზადება, ოღონდ ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, ხელშეკრულების გაფორმებას გამარტივებული წესით გეგმავს. პატაკი 14 აპრილს გაიგზავნა მინისტრის მოადგილესთან. 1 549 ათასი ლარი - ეს თანხა სჭირდება შსს-ს 31 მაისს პოლიციის დღის ორგანიზებისთვის.
რატომ გამარტივებული წესით შესყიდვა? ეს არის მკვლევარების მთავარი კითხვა. შესყიდვის ეს ფორმა წესით ფორსმაჟორში უნდა გამოიყენონ. დრო საკმარისი იყო, ყველამ იცის, როდის აღნიშნავს ქვეყანა პოლიციელის დღეს. სამინისტროს შეეძლო ტენდერის გამოცხადება, ბიუჯეტიდან ფულის დაზოგვის შესაძლებლობაა. პატაკში, რომელიც მინისტრის მოადგილესთან გაიგზავნა, წერია, რომ თვენახევარი, რომელიც წინ არის, საკმარისი არ არის სატენდერო პროცედურებისთვის, ამიტომ შესყიდვა უმოკლეს ვადებში უნდა გააფორმონ.
გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ხელშეკრულება პირდაპირ ფორმდება უწყების მიერ შერჩეულ კომპანიასთან. ძალოვანები ამ ტიპის ხელშეკრულებებით გამოირჩევიან - ბოლო 5 წელში შსს- მ 597-ჯერ მოითხოვა ასეთი შესყიდვა. მკვლევარები ამბობენ, რომ ეს ნიშნავს არავითარ კონკურენციას, არანაირ დაზოგილ ფულს ან გამჭვირვალობას. პირიქით, პირდაპირი წესით კომპანიასთან ხელშეკრულების დადებას თან კორუფციული რისკები ახლავს.