ჯარის ძარცვის საქმე - ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვა ბრალდებულების ადვოკატები, დღეს, დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

16.04.26 11:36
ჯარის ძარცვის საქმე - ჯუანშერ ბურჭულაძისა და სხვა ბრალდებულების ადვოკატები, დღეს, დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ

ჯარის ძარცვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას,  სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. 

როგორც ცნობილია, ჯუანშერ ბურჭულაძე, სხვა ბრალდებულებთან ერთად, საბოლოო სიტყვით, ხვალ, ისარგებლებს. ხოლო მოსამართლე განაჩენს, სავარაუდოდ, ორშაბათს გამოაცხადებს. 

ირკვევა, რომ პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს საპროცესო შეთანხმებას არ უფორმებს. თუმცა, ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება ვლადიმერ ღუდუშაურთან

ბურჭულაძის უფლებადამცველი მარიამ შათირიშვილი განმარტავს, რომ საპროცესო შეთანხმება პროკურატურის და ბრალდების მხარის დისკრეციული უფლებაა.

საპროცესო შეთანხმება გახლავთ პროკურატურის და ბრალდების მხარის დისკრეციული უფლება. ვლადიმერ ღუდუშაურთან ფორმდება საპროცესო შეთანხმება, რადგან მან მისცა აღიარებითი ჩვენება ბრალდების მხარეს და აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაული, მისცა ბრალდების მხარის სასარგებლო ჩვენება. 

მიზეზებზე ვერაფერს მოგახსენებთ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს გახლავთ ბრალდების მხარის დისკრეციული უფლება. განაჩენის გამოტანისას სასამართლომ უნდა იმსჯელოს ყველა მტკიცებულებაზე, ყველა გარემოებაზე, როგორც შემამსუბუქებელ გარემოებაზე, ასევე დამამძიმებელზე, როგორც გამამართლებელ მტკიცებულებებზე, ასევე ბრალდების მხარის სასარგებლო მტკიცებულებებზე," - ამბობს მარიამ შათირიშვილი. 

რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას? 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.