ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესი დასკვნით ეტაპზეა
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცალკე წარმოებად გამოყოფილი ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესი დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდების მხარე პრეზენტაციის მეშვეობით დაანახებს სასამართლოს გიორგი და დავით მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის ბრალეულობას.
ბრალდებულების წინააღმდეგ პროკურატურა კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს სასჯელს მოითხოვს.
ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას, რომელიც წერილობითი თვალსაზრისით შეადგენს დაახლოებით 350 გვერდს. ამავდროულად ბრალდების მხარე პრეზენტაციის მეშვეობით დაანახებს სასამართლოს, რომ დიახ, ბრალდებულებმა დავით და გიორგი მიქაძემ და გიორგი ჯოხაძემ ჩაიდინეს ის დანაშაულები, რასაც ბრალდების მხარე ედავება მათ.
ყველა მტკიცებულებას მიმოიხილავს ბრალდების მხარე, არ არის ცალკე აღებული, რომელიმე მტკიცებულების ცალკე შეფასება, აქ არის მტკიცებულებათა კონტექსტი, ერთმანეთში თითოეული მტკიცებულება და დავიწყებთ, როგორც განვითარებული მოვლენებით, რა ვითარება იყო, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ჯანგველაძეს მიქაძეებს, შემდეგ გავაგრძელებთ მკვლელობის დღით და შემდეგ უკვე სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს ბრალდების მხარე.
პროკურატურის მოთხოვნა არის გამამტყუნებელი განაჩენი და კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სასჯელი," - განაცხადა პროკურორმა.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.