გაშიფრულია ქართველი პენსიონერების ძარცვის სქემა
ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე თბილისის პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა - მოპარულია მინიმუმ 125 000 ლარი.
- ოროკურატურის თქმით, გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლნი ძირითადად საპენსიო ასაკის მოქალაქეები ხდებოდნენ.
რას ამბობს გამოძიება?
საქმის მაალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფი მიმდინარე წლის აპრილში ჩამოყალიბებული სქემით მოქმედებდა:
- ბრალდებულები მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების წარმომადგენლებად ეცნობოდნენ, სთავაზობდნენ სხვადასხვა საგადასახადო შეღავათს და ამ გზით მათ პერსონალურ მონაცემებს ტყუილით იგებდნენ.
- მოგვიანებით, ჯგუფის წევრები მსხვერპლებს უკვე სამართალდამცავებად წარდგენილნი უკავშირდებოდნენ. ისინი აშინებდნენ მოქალაქეებს, რომ მონაცემების „უცხო პირისთვის“ გაზიარების გამო ფინანსური საფრთხე ემუქრებოდათ.
- „რისკების თავიდან ასაცილებლად“ და დამნაშავეების გამოსავლენად, ბრალდებულები დაზარალებულებს სთხოვდნენ, მთელი მათი ფულადი დანაზოგი ნაღდი ფულის სახით გადაეცათ, რასაც, თითქოსდა, მოგვიანებით უკან დაუბრუნებდნენ.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავს.