ჯარის ძარცვის საქმე - პროკურორი არ პასუხობს კითხვას, შეიცვლის თუ არა ბრალდების მხარე პოზიციას სააპელაციო სასამართლოში

16.04.26 15:50
ჯარის ძარცვის საქმე - პროკურორი არ პასუხობს კითხვას, შეიცვლის თუ არა ბრალდების მხარე პოზიციას სააპელაციო სასამართლოში

ჯარის ძარცვის საქმე - რატომ გადაწყდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ ერთი პირის, ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართ? 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორი, ანა ლეკიაშვილი ამბობს, რომ დანარჩენი ბრალდებულების [ბურჭულაძის ცოლის ძმის,  ვასილ მხეიძის და ბურჭულაძის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას] ინტერესების დამცველებმა საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა დაგვიანებით შეიტანეს შესამამის სამსახურში.

ამასთან, ბრალდების მხარეს თავდაცვის ექს მინისტრისა და მასთან ერთად დაკავებულების მხრიდან აღიარებითი ჩვენება არ მოუსმენიათ. 

  • პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილე გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ეუბნება და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

ლეკიაშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ექს მინისტრისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ეტაპზე შეუძლებელია - დათანხმდება თუ არა ბრალდების მხარე საპროცესო გარიგებას მეორე ინსტანციაში ამაზე პროკურორმა არ ისაუბრა. 

"წინასწარ ვერაფერზე ვისაუბრებ" - თქვა მან

„მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულებისგან არ იყო იმგვარი მზაობა, არ შესრულდა ის პირობები, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. მათ შორის: საპროცესო შეთანხმებების განცხადებები შემოვიდა მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყოდა. ამასთანავე, თითოეული ბრალდებულის საკითხი შეფასდა ინდივიდუალურად, გარემოების, მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით და ა.შ. შესაბამისად, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებით გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება ვლადიმერ ღუდუშაურთან, 3 პირის მიმართ მოითხოვა საქმის არსებითად დასრულება.

შევაფასეთ ყველაფერი ინდივიდუალურად და უკვე როცა ბრალდების მხარეს ევალებოდა პროცესის მიხედვით, რომ ეთქვა დასკვნითი სიტყვა, გააჟღერა დასკვნითი სიტყვა. სამი ბრალდებულის მიმართ მოითხოვა საქმის არსებითად დასრულება ანუ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება“,- განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.

რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას? 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.