ჯარის ძარცვის საქმე - რა მოლოდინები აქვს დაცვის მხარეს?
ჯარის ძარცვის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბურჭულაძის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ადვოკატების თქმით, ისინი გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გამამტყუნებელი განაჩენისთვის არის საჭირო. ამასთან, უფლებადამცველები განმარტავენ, რომ პროკურატურა ისეთი პირების ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებმაც ჩვენება "თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად მისცეს".
ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გამოძიებასთან ვლადიმერ ღუდუშაურმა ითანამშრომლა და მან "ცალსახად განაცხადა, რომ ვასილ მხეიძეს მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, ამასთან არანაირი დანაშაულებრივი კავშირი ვასილ მხეიძეს არ ჰქონია".
მძიმე ბრალდება, რომელიც ვასილ მხეიძეს აქვს წარდგენილი არის გაფლანგვაში დახმარება და ბრალდების მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ვასილ მხეიძე იმყოფებოდა დანაშაულებრივ კავშირში იმ პირებთან, ვინც პროკურატურის აზრით, გაფლანგა სახელმწიფოს ქონება. ასეთი პირები არიან ღუდუშაური და ხაინდრავა. ღუდუშაური არის პირი, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან, რომელმაც ჩვენება მისცა სასამართლოში და როდესაც მას დაესვა კითხვა, ჰქონდა თუ არა მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია ვასილ მხეიძეს, მან ცალსახად განაცხადა, რომ ვასილ მხეიძეს მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის დანაშაულებრივი კავშირი ვასილ მხეიძესთან, მან განაცხადა, რომ არანაირი დანაშაულებრივი კავშირი ვასილ მხეიძეს არ ჰქონია და ვასილ მხეიძე მას არ დახმარებია სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში. შესაბამისად ბრალდების მხარე ამ საქმეში დარჩენილი არის მტკიცებულებების გარეშე," - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
უფლებადამცველი, დიმიტრი ხაჩიძის თქმით, მტკიცებულებები და ის ჩვენებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა არ შეესაბამება საქმის სხვა მასალებს
სასამართლოს განაჩენს ველოდებით, რომ უნდა იყოს გამამართლებელი, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებიც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენისთვის, წარმოადგინა ძალიან საეჭვო მტკიცებულებები, რომლებზეც პირებმა ჩვენებები მისცეს საკუთარი თავის გადასარჩენად, ციხიდან გამოსასვლელად, შესაბამისად ეს მტკიცებულებები, ის ჩვენებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა არ შეესაბამება საქმის სხვა მასალებს. დიახ ღუდუშაურს ვგულისხმობ," - ამბობს დიმიტრი ხაჩიძე.
რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის გარემოცვას?
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.