ვინ როგორ აპირებს "ოცნების" დამარცხებას?
არჩევნების გზით ვიქტორ ორბანის ავტორიტარული მმართველობის დასასრულმა საქართველოში იმედი გააჩინა. მეხუთე პრეზიდენტი ივანიშვილის ასეთივე გზით დამარცხების შანსს ხედავს და ამბობს, რომ ეს შესაძლებელია გაყალბების მიუხედავადაც. ზურაბიშვლის თქმით, ამას მხოლოდ ერთი პირობა სჭირდება - მოქალაქეების მობილიზება ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ.
სალომე ზურაბიშვილი ასე არ ფიქრობდა. მან თვითმმართველობის არჩევნებს გასულ წელს მითი უწოდა და მასში ოპოზიციის მონაწილეობა ფარსში მონაწილეობას შეადარა. თუმცა უნგრეთის მაგალითი მას არწმუნებს, რომ სწორი სტრატეგიით წარმატების მშვიდობიანი გზით მიღწევა შესაძლებელია და არსებობს რეალური პერსპექტივა რომ ბიძინა ივანიშვილმა ვიქტორ ორბანის ბედი გაიზიაროს.
პარტიები, რომლებიც თვითმმართველობსი არჩევნებში მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ რომ ახლა ოპოზციისთვის უნგრეთის არჩევნები უნდა იყოს მაგალითი და არ უნდა განმორდეს ის, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა.
არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლაზე საუბრობენ "ოპოზიციის ალიანსშიც", თუმცა ალიანსის წევრების განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა იქნება აზრიანი იმ შეთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო იქნება დემოკრატიული. "როცა ლიდერები ციხეში არიან, სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება" - გვეუბნებიან ალიანსის წევრები და ამ პირობას უყენებენ ოცნებას მომდევნო არჩევნებისთვისაც.
ფედერალისტები ფიქრობენ, რომ არჩევნებში მხოლოდ მაშინ ჩაერთვებიან, როცა ჩათვლიან, რომ ხელისუფლების რესურსი სრულად ამოწურულია და მისი დამარცხება მხოლოდ გაფორმების საკითხი იქნება. ამისთვის კი უპირატესობის ჩვენება და ამომრჩეველთა ხმების დაცვაა საჭირო. ამ რესურსის არარსებობით ახსნეს თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტიც.
ქართულ ოცნებაში კი ცდილობენ, რომ არჩევნების იდეა მთლიანად მიისაკუთრონ და შექმნან წარმოდგენა, რომ ოპოზიცია მათი ცვლილების დემოკრატიულ გზას მხოლოდ ახლა დაადგა. მიუხედავად პარტიებს შორის განსხვავებული პოზიციებისა კალაძე თავს ესხმის ყველას ერთად და მათთან ერთად მოღალატედ აცხადებს სალომე ზურაბიშვილს. საინტერესოა, რომ დღეს ოცნების შემადგენლობიდან პირველად მოვისმინეთ ფრაზა, რომ თუ დამარცხდებიან, ძალაუფლებას გადააბარებენ.