ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - საქმის ფინალური ნაწილი და საპოლიციო ალყაში მოქცეული სასამართლო

16.04.26 21:14
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - საქმის ფინალური ნაწილი და საპოლიციო ალყაში მოქცეული სასამართლო

6 საათის განმავლობაში სასამართლოს შენობა საპოლიციო ალყაში დღეს ლევან ჯანგველაძის საქმის განხილვის გამო მოექცა. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები პოლიციამ ჯანგველაძის და მიქაძეების მხარეების დაპირისპირებისგან თავიდან ასარიდებლად მიიღეს. პოლიციელების ალყაში, პროკურორის დასკვნით სიტყვას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 11 დან 5 საათამდე უსმენდა. მრავალთვიანი განხილვების შემდეგ, ვრცელ მოხსენებაში პროკურორმა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები,ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი კვალიფიკაცია შეაჯამა.

ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება ედებათ ბრალად. მუხლი 16-20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს. სახელმწიფო მბრალდებელმა დასკვნითი სიტყვის ბოლოს პატიმრობის ვადა არ დააკონკრეტა, მოსამართლისგან სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და სამართლიანი სასჯელი მოითხოვა.

განსასჯელის სკამზე სამიდან მხოლოდ ერთი ბრალდებული - გიორგი მიქაძე ზის.  დასკვნით სიტყვას ბრალდებული დუმილით უსმენდა. პროკურორის შემაჯამებელ სიტყვას დარბაზში ისმენდა გიორგი მიქაძის კანადელი ადვოკატი - ბრაიან გრინსპენი. მიქაძე კანადისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა, შესაბამისად, მაღალოა დაინტერესება ამ საქმის მიმართ კანადის მხრიდანაც. გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანადური მხარე საქმის სტრასბურგში წასაღებად უკვე ემზადება.

გიორგი მიქაძე საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, როცა მკვლელობა უკვე მომხდარი იყო, უძილაური კი დაკავებული. 400 გვერდიანი დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ ადვოკატები ამბობენ რომ პროკურატურამ შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პირდაპირი მტკიცებულება საქმეში ვერ ჩადო.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში