პროტესტი სოფელ მანავის საჯარო სკოლასთან - მშობლებმა საგარეჯოს მერს ულტიმატუმი წაუყენეს
ხალხმა სოფელ მანავიდან საგარეჯოს მერს ულტიმატუმი წაუყენა და სამკვირიანი ვადა მისცა - მერმა მომდევნო 21 დღის ვადაში უნდა თქვას, როდის მოხდება სკოლის რეაბილიტაცია. ვიდრე არ იქნება პასუხი, მშობლები არ აპირებენ მოსწავლეები სკოლაში გაუშვან. თუ მერის პასუხი ხალხს არ დააკმაყოფილებს, იქნება დიდი აქციები კახეთში.
დაგვიბრუნეთ სკოლა" - ამ შეძახილებითა და საპროტესტო ბანერებით ხელში მივიდნენ დღეს მოსწავლეები და მშობლები მავანის საჯარო სკოლასთან. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე 4 წელია აღარ მიმდინარეობს. სკოლა ავარიულობის გამო დახურეს, თუმცა დღემდე რეაბილიტაცია არ დაუწყიათ. მოსწავლეები სხვა სკოლებში გადაანაწილეს, რაც მათთვის უმძიმესი ტვირთია, ყოველ დღე მოზარდებს სოფელ მანავის განათლების მისაღები რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. 4 წელია მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეები, განათლების მისაღებად საგარეჯოს ერთ-ერთ სკოლაში დადიან- შესაბამისად სახლში გვიან ბრუნდებიან.
საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მშობლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაიბარეს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის თქმით, 2024 წელს გამოცხადებული ტენდერი ტექნიკური მიზეზით ჩაიშალა, ახალი ტენდერი კი დაჩქარებული წესით გამოცხადდება. თუმცა უცნობია, რა ვადაში დასრულდება რეაბილიტაცია. მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ საკითხით „ტვ პირველი“ დაინტერესდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს. მერს მოგვიანებით მობილურზე დავუკავშირდით თუმცა კითხვები კვლავ უპასუხოდ დარჩა.