ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუში - ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა
ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუში, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა საქმის მასალები იცოდეს - ამის შესახებ სინდისის პატიმარმა, ანდრო ჭიჭინაძემ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საბოლოო მიმართვაში მსჯავრდებულმა მსახიობმა 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ სწორედ ეს გახდა ხალხის ქუჩაში გამოსვლის წინაპირობა.
აქამდე რომ არ მივსულიყავით, ეხლა სადაც ვართ მისულები, მაგიტომ ვიდექით იქ და მაგიტომ გამოვხატავდით სრულიად მშვიდობიანად ჩვენს აზრს - თქვა ჭიჭინაძემ.
მსახიობმა მოსამართლე თეა ლიონიძესაც მიმართა - "ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო"
ერთი შეხედვით, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა შუაშია 28 ნოემბრის განცხადება ამ ყველაფერთან, რაზეც ვლაპარაკობ, თუმცა პირდაპირ შემიძლია ვთქვა ის, რომ ცივილიზაციიდან მოწყვეტა და საგარეო კურსის ცვლილება პირდაპირპროპორციულად მოქმედებს იმ ფასეულობების დეგრადაციაზე, რა ფასეულობებიც გვინდა, რომ ჩვენს ინსტიტუციებში დამკვიდრდეს და იმედი მაქვს, ყველას გვინდა, რომ ამ შრეებში არსებობდეს, სადაც ადამიანის უფლებები, ადამიანის ძირითადი უფლებები იქნება დაცული. მე მგონი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
კონსტიტუციაზე და იმ მუხლებზე აღარ ვილაპარაკებ, ალბათ ყველამ იცის, რომ მოლაპარაკებების თუნდაც დროებით შეჩერება ვერანაირად ვერ იქნებოდა, „ყველანაირი ძალ-ღონის ხმარება“ იმისთვის, რომ ევროინტეგრაცია მოხდეს. ამაზეც მგონია, ორი აზრი არ არსებობს.
მოკლედ, ძაან მარტივად რომ ვთქვა, აქამდე რომ არ მივსულიყავით, ეხლა სადაც ვართ მისულები, მაგიტომ ვიდექით იქ და მაგიტომ გამოვხატავდით სრულიად მშვიდობიანად ჩვენს აზრს.
ისიც მინდა ვთქვა, რომ ყველა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა იყო, ამით გვანებივრებდნენ მთავრობები სხვადასხვა დროს. თუმცა, რომ გვინდოდა, რომ აღარ განმეორებულიყო ის, რაც მანამდე ხდებოდა, ზუსტად აი ამიტომ ვიდექით.
ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რაც არ გვინდოდა, რომ მომხდარიყო. რომ აი ასეთი სამართლებრივი სისტემა ყოფილიყო ქვეყანაში. და ჩვენი საქმეც ამ ყველაფრის ნაწილი გახდა.
ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუში, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ადამიანმა საქმის მასალები იცოდეს, ერთი შეხედვითაც ჩანდა ეს ყველაფერი და ზუსტად აი ამიტომ დაიხურა ეს სასამართლო პროცესებიც, ზუსტად იმიტომ, რომ ერთი შეხედვითაც შეეძლო ადამიანს ტელევიზორიდან დაკვირვებით ძალიან მარტივად მიმხვდარიყო, რომ ეს რაღაც აბსურდია, ბევრის მაგალითის მოტანა შეიძლება სადაც ყველაფერი კარგად ჩანს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
დრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი განაჩენის მოლოდინში არიან.
მოსამართლე თეა ლეონიძე სათათბიროდ არის გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, განაჩენი დღესვე გამოცხადდება.