კრიმინალურ პოლიციაში მოძველბიჭო ადამიანები დამხვდნენ, პროცესზე კი „შპარგალკიანი“ მოწმეები გამოდიოდნენ - ვალერი თეთრაშვილი
რაც მე გავაკეთე იქ მაქსიმუმ ადმინისტრაციული მუხლი იყო, სისხლის სამართლის ჩარჩოებში არ ჯდება. ჩემი ვიდეო ნანახი გაქვთ - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ვალერი თეთრაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს.
მან სხდომათა დარბაზში დეტალურად გაიხსენა მისი დაკავების მომენტი, როგორ გადაიყვანეს კრიმინალურ პოლიციაში, სადაც მისი თქმით, "მოძველბიჭო ადამიანები დახვდნენ".
თეთრაშვილმა ასევე სასამართლოს მოუყვა იმ მომწეების შესახებაც, რომლებიც მისი თქმით, პროცესებზე შპარგალკებით მივიდნენ - "მთავარი ექსპონატი - ქართველი შერლოკ ჰოლმსი - ჩემი გამომძიებელი იყო".
ხალხი ისევ დგას ქუჩაში უაზრო კანონების გადამკიდე, რომელიც ისეთმა ხალხმა მიიღო, ვინც თავის თავს პოლიტიკოსებს ეძახიან. შარშანწინ არც მიფიქრია რომ რამეს ვაშავებდი, იმ ქაოსში ვინმეს დაზიანება რომ მდომებოდა, რამეს ვიზამდი და პროკურატურას უკეთეს მტკიცებულებას მოვატანინებდი.
გადავალ ახლა კრიმინალურ პოლიციაზე - მოძველბიჭო, აგრესიული ადამიანები - სამსახურში შემოვარდნენ, აზრზე რომ მოვედი, დამარეკინეთ-მეთქი და ისე ჩაიცინეს, მივხვდი, რომ ჩემი საქმე კარგად არ იყო. ორთაჭალაში წამიყვანეს ცკპდ-ში, არნახული დაკითხვა მომიწყვეს, ბორკილები არ მოუხსნიათ, იქ რომ მუშაობ, გარკვეული დონის ინტელექტი მაინც მოგეთხოვება, ეს მათ ნული ჰქონდათ. კითხვა იყო, ფული ვინ გადაგიხადა აქციაზე რომ დადიხარო. „დავაი ახლა აქედანო“. გამიხარდა, თუ მიშვებთ-მეთქი, მაგრამ „დავაი, ოღონდ სახლში არა, ციხეშიო“. მეგონა, სასამართლოში მივალ და იქ მაინც მომისმენენ, იტყვიან, ეს ადამიანი ციხეში არ უნდა წავიდესო, მაგრამ პროკურორების 5 წუთიანი ბლუყუნის საფუძველზე, აქ ამოვყავით თავი. პირველი პროცესი იყო ძალიან სასაცილო, იურიდიული განათლება საერთოდ არ იყო საჭირო გაეგო ადამიანს, რომ დამნაშავეები არ ვიყავით.
მინდა ვახსენო მოწმეები. პოლიციელები ურთიერთგამომრიცხავი ტექსტებით იყვნენ და ჩვენს სასარგებლოდ საუბრობდნენ.
სასამართლოში კახეთის რომელიღაც განყოფილების უფროსი იყო მოსული, საშინლად მოუწესრიგებელი, მეგონა, რომ ნასვამი იყო, არა უფრო „გახეული“ მთვრალი, კითხვებზე პასუხის გაცემა კი არა, ფიცი ძლივს დაადებინა მოსამართლე გალუსტაშვილმა. რომელ ფიცს დადებთ, რელიგიურს, არარელიგიურს თუ სამოქალაქოსო და ამან - კიო. ეს დასდევს გარეთ დამნაშავეებს.
იყვნენ "შპარგალკიანი" ადამიანები, ვერ დაიმახსოვრეს, რა უნდა ეთქვათ პროცესზე. მთავარი ექსპონატი - ქართველი შერლოკ ჰოლმსი - ჩემი გამომძიებელი.
აშკარად პოლიტიკური რეპრესიები „შეიკერა“ სამართლიანობის სახით. იმ მოსამართლეებს არაფერი უკეთებიათ გარდა იმისა, რომ პროკურორების საზიზღარი ბრალდებებისთვის და შუამდგომლობებისთვის იურიდიული სახე მიეცათ“, - განაცხადა თეთრაშვილმა.
ადრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი განაჩენის მოლოდინში არიან.
მოსამართლე თეა ლეონიძე სათათბიროდ არის გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, განაჩენი დღესვე გამოცხადდება.