კახა კინწურაშვილი სააპელაციოს განაჩენზე: ერთადერთ ჯგუფურ დანაშაულს ვხედავთ - ეს არის სახელმწიფოს მხრიდან
"ერთადერთ ჯგუფურ დანაშაულს ვხედავთ - ეს არის სახელმწიფოს მხრიდან" - ასე ეხმაურება მსახიობი კახა კინწურაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომელმაც სინდისის 11 პატიმარი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
კინწურაშვილი ამბობს, რომ დრევანდელი სასამართლოსგან სხვა მოლოდინი არც ჰქონდა გარდა იმ განაჩენისა, რაც მოსამართლე თეა ლეონიძემ გამოიტანა.
სხვა მოლოდინი არც არსებობდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე თითქმის წელიწად-ნახევარია ვადევნებთ თვალყურს ამ უსამართლობას და ეს უსამართლობა უფრო მეტად რომ არ შეხებოდა ფართო საზოგადოებას, სწორედ ამიტომ დახურეს სასამართლო სხდომები. რაც შეეხება ანდროს და ბიჭების საქმეს, აქ გამომძიებელმაც კი ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანა, რომ ეს იყო ჯგუფური დანაშაული. ერთადერთ ჯგუფურ დანაშაულს ვხედავთ ჩვენ და ეს არის სახელმწიფოს მხრიდან", - ამბობს კახა კინწურაშვილი.
სააპელაციო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე თეა ლეონიძემ გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.