ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

18.04.26 14:58
ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ლევან ჯანგველაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა სასამართლოს სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. თბილისში ჩაცხრილული ბიზნესმენის ნათესავებმა არ მოისურვეს ბრალდებული პირების ადვოკატების დასკვნითი სიტყვების მოსმენა.

როგორც ცნობილი ხდება, ჯანგველაძეების გარემოცვის გაღიზიანება ერთ-ერთი უფლებადამცველის შეფასებებს მოჰყვა, რომელიც პროკურორს ეუბნებოდა, რომ მკვლელობის ორგანიზორებად ბრალდებულების გამოცხადება მტკიცებულებებით არ დასტურდება.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ხმაურიანი საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე ზის გიორგი მიქაძე, რომელსაც უვადო პატიმრობა ემუქრება. 

დაცვის მხარე ითხოვს, არ იყოს გათვალისწინებული გამომძიებელ რომიკო გოგიაშვილი პატაკი, სადაც პირველად დასახელდა ოთარ ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეების გვარი. 

ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა სამართლებრივი წონა შეიძლება ჰქონდეს რომიკო გოგიაშვილის პატაკს, რომლის გადამოწმების საშუალება დაცვის ხმარეს არცერთ ეტაპზე არ ჰქონია. თუკი პროკურატურა ორგანიზების ნაწილში ფიქრობს, რომ გიორგი და დავით მიქაძეებიმა ინფორმაციით აღჭურვეს გელა უძილაური, მაშნ ის ვალდებული იყო წარმოედგინა მტკიცებულება ერთის მხრივ იმაზე, რომ ან გიორგი ან დავით მიქაძეს თავად ჰქონდათ ეს ინფორმაცია - თუ სად მიდიოდა და რას აპირებდა გარდაცვლილი ლევან ჯანგველაძე და მეორე მხრივ, ვის გადასცეს, როდის გადასცეს და რა ვითარებაში მოხდა ამ ინფორმაციის მიწოდება. ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რაც რომ შევაჯამოთ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზების მტკიცებულება საქმეში არ არის. "თაუერის" 15 თებერვლის შეხვედრაზე იმიტომ ამბობს პროკურატურა, რომ იქ დაიგეგმა, სხვა მტკიცებულება, სადაც რამდენიმე ადამიანი ერთად თავმოყრილი შეიძლებოდა ყოფილიყო, ფიზიკურად არ აქვთ. იმის თქმა, რომ რაღაც მანქანა გაჩერდა, არ ნიშნავს, რომ იქიდან ვინც გადმოვიდა, ის გიორგი მიქაძეა, მაშინ როცა სამხარაულის დასკვნით  იდენტიფიცირება შეუძლებელია. პროკურატურას, სადაც მტკიცების ნაწილში უჭირს, მაშველად საქმეში შემოჰყავს ოპერატიული მუშაკები", - აცხადებს შორენა ნიქაბაძე. 

დღეს სასამართლოს პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული -ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რადგან ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა მიქაძე/ჯანგველაძის გარემოცვის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. 

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები