მიქელაძე: საქართველო უცხოელი აქტივისტებისთვის საფრთხის შემცველ ქვეყნად ყალიბდება
საქართველო უცხოელი აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსებისთვის სულ უფრო არაუსაფრთხო ქვეყნად ყალიბდება, - ამის შესახებ აფგან სადიგოვის ადვოკატი თამთა მიქელაძე Freedom House-ის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საუბრობს.
იურისტის თქმით, ტენდენცია, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ აღიქმებოდა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა და ქვეყანა თანდათან იქცა სივრცედ, სადაც დევნილი უცხოელი აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაცვა პრაქტიკულად ვერ ხერხდება.
მისივე შეფასებით, განსაკუთრებულად საგანგაშოა ის გარემოება, რომ ტრანსნაციონალური რეპრესიების ნიშნები წლების განმავლობაში დაგროვდა, ხოლო 2025 წელს საქართველო უკვე საერთაშორისო ანგარიშშიც მოხვდა.
საქართველო გახდა ძალიან სახიფათო ქვეყანა უცხოელი,სხვა ქვეყნებიდან დევნილი აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ა.შ. ამ პრაქტიკის, პოლიტიკის შემობრუნების ნიშნები, როცა საქართველო წლების განმავლობაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და სამხრეთ კავკასიაში დანახული იყო როგორც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არქმა 2016-18 წლებში უკვე იცვლება, როცა ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც თურქი და აზერბაიჯანელი დევნილის ჟურნალისტების და აქტივისტების, როდესაც საქართველოს სასამართლო სისტემა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს მათი ექსტრადიციების გასაჩერებლად და იგივე მუხთარლის საქმე შეგვიძლია, გავიხსენოთ, მაგრამ 2025 წელს სააქართველო ამ შემაშფოთებელ ანგარიშში ხვდება. ალბათ ამის მიზეზი ანგარიშში კარგად დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ამის მიზეზი, ერთის მხრივ, უნდა იყოს რუსული ტიპის კანონები საზოგადოების წინააღმდეგ, რომელმაც სისტემურად არაუსაფრთხო გარემო შექმნა აქტივისტებისთვის, ასევე უცხოელთა მდგოარეობის გაუარესება, მაგრამ იმ წელს ალბათ იყო სადიგოვის საქმე, როგორც ყველაზე დიდი შემთხვევა ტრანსნაციონალური რეპრესიისა და თანამშრომლობის ორ ავტოკრატიულ რეჟიმს შორის. 2025 წელს სადიგოვს არ დამართეს ის, რაც მას ახლა დამართეს, აპრილში, თუმცა მთელი ეს პროცედურები მიდიოდე ისე, რომ ჩვენმა სამართლებრივმა სისტემამ, პრაქტიკულად, ვერ დაიცვა ეს ადამიანი და ამ პროცესში ჩანდა მაღალი კოორდინაცია აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ეს ადამიანი, პრაქტიკულად, იყო განწირული სტრასბურგის სასამართლოს რომ არაფერი გაეკეთებინა, - ამბობს თამთა მიქელაძე.
საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებიც ტრანსნაციონალური რეპრესიების პრაქტიკას იყენებენ — ამის შესახებ Freedom House-ის ახალ ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტის მიხედვით, იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებიც მსგავს მეთოდებს მიმართავენ, კიდევ ექვსი ქვეყანა დაემატა: ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე.