„ჩემი გული და სული საქართველოში დარჩა“ - აფგან სადიგოვი
მთელი ჩემი გული, ჩემი ფიქრები და ჩემი სული საქართველოში დარჩა, - ამის შესახებ აზერბაჯენლი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ბაქოდან გავრცელებულ წერილში წერს.
თავის განცხადებაში სადიგოვი მადლობას უხდის ქართველ საზოგადოებასა და თანამოაზრეებს მხარდაჭერისთვის და საუბრობს საკუთარი გაძევების გარემოებებზე. იგი ასევე ეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და აფასებს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი ქვეყანაში დარჩენა საფრთხედ იყო მიჩნეული.
„მთელი ჩემი გული, ჩემი ფიქრები და ჩემი სული საქართველოში დარჩა - პარლამენტის წინ ხალხთან და ბრძოლაში ჩვენი მეგობრების გვერდით.
უსაზღვრო მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს მეგობრებს მოედნიდან, და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.
ივანიშვილმა - მკვლელმა, კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, კრემლისა და პუტინის მონამ და თავისი ქვეყნის მოღალატემ - დიდი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს ჩემი გაძევებით, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით. ამ ნაბიჯით მან ხალხის აწმყო და მომავალი თავის პირად ინტერესებს შესწირა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“.
სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაგრძელება ბოლომდე. მაგრამ მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მონდომებითა და შეუპოვრად დარჩება და სამუდამოდ მოაშორებს „ქართული ოცნების“ კრიმინალურ დაჯგუფებას და ბანდიტების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური არენიდან. ბოლომდე გვერდში დავუდგები ძვირფას ქართველ ხალხს და ჩემს თანამებრძოლებს!
გაურკვეველია რა მოხდება რაღაც დროის შემდეგ და რა ტრაგედიები დაგვატყდება თავს. პატიმრობა, რეპრესია, და საიდუმლო მკვლელობები ნებისმიერ დროს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს პოლიტიკური ბრძოლის არენაზე.
ძირს დიქტატურა!
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ - წერს სადიგოვი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყების მტკიცებით, დაკავების საფუძველი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფა გახდა.
იმავე დღეს მას ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა 2000 ლარის ჯარიმა, ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საქართველოდან გაძევებისა და ქვეყანაში შესვლის 3 წლის ვადით აკრძალვის შესახებ.