მინდა, მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო, ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

19.04.26 20:25
მინდა, მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო, ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ხელისუფლებას საპატრიარქოს არჩევნებში ჩაურევლობისკენ მოუწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ეკლესიის შიდა პროცესები კანონიკური წესებით უნდა წარიმართოს.

მაღალი იერარქი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ან ირიბი გავლენა ეკლესიის არჩევით პროცესებზე მიუღებელია და ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონებს. მისი თქმით, სახელმწიფოს როლი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რათა საეკლესიო კრებამ მშვიდ გარემოში შეძლოს პატრიარქის არჩევა.

ეპისკოპოსი ასევე აფრთხილებს, რომ არაკანონიკურმა ჩარევამ შესაძლოა ეკლესია სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენოს და განხეთქილების რისკიც გააჩინოს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ არჩეულ პატრიარქს ეკლესიის შიგნით სრული ლეგიტიმაცია და ნდობა ჰქონდეს.

მინდა მივმართო ხელისუფლებას და ვთხოვო:

ნუ ჩაერევა საპატრიარქო არჩევნებში ნურავის სასარგებლოდ!პირიქით,დაიცვას უსაფრთხოება მომავალი გაფართოებული საეკლესიო კრების,რათა შევძლოთ მშვიდობიან გარემოში შეკრება და ღვთის შემწეობით არჩევანის გაკეთება.შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებსაც გააჩნდეთ ერთგვარი სიმპათია რომელიმე კანდიდატის მიმართ და ეს სრულიად ნორმალურია,რადგან ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან,თუმცა ყოვლად დაუშვებელია,ირიბადაც კი,ამ პროცესებში ჩარევა.

მოციქულთა 30-ე კანონი ბრძანებს: “ეპისკოპოსი,რომელიც საერო მთავრებს დაიხმარებს და მათი შემწეობით მიიღებს ძალაუფლებას,განკვეთილ და განყენებულ იქნეს;

ასევე ყველა მისი თანამზრახველი.”

კანონის თანახმად ეპისკოპოსების,პატრიარქების გამორჩევის უფლება ყოველთვის ეპისკოპოსთა კრებას ეკუთვნოდა.ამაზე საუბრობს მეშვიდე მსოფლიო კრების მესამე კანონიც.ეკლესია ყოველთვის გმობდა,ეპისკოპოსის დადგინებისას,სახელმწიფო ხელისუფლების უკანონო ჩარევას.მოციქულთა კანონი ასეთ დანაშაულს სიმონიის ტოლფასად მიიჩნევს.ამიტომაც უწესებს კანონი მათ ისეთივე სასჯელს,როგორიც სიმონიისათვის არის დაწესებული - ხარისხიდან განკვეთას და ეკლესიიდან მოკვეთას.

ეს ის შემთხვევაა,როდესაც კანონი თმობს თავის პრინციპს: არ განსაზღვროს ერთი დანაშაულისათვის ორი სასჯელი - და დამნაშავეს ადებს ორმაგ სასჯელს,რადგან სიმონია აღემატება ყველა მძიმე დანაშაულს.

ყოველ მღვდელმთავარს არჩევნების შემდგომ უნდა ჰქონდეს განცდა,რომ ეს არის სულიწმინდით გამორჩეული პატრიარქი,ვისი კანონიკური მორჩილების ვალდებულებაც ექნება და არა “დანიშნული” პატრიარქი,რამაც შესაძლოა დიდი განსაცდელის წინაშე დააყენოს ეკლესია და განხეთქილებამდეც კი მიიყვანოს - რისგანაც დაგვიფაროს უფალმა!

მკვდრეთით აღდგომილმა და ჯოჯოხეთის ბჭეთა შემმუსვრელმა ქრისტე მაცხოვარმა მოგვცეს კეთილგონიერება,რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება.ამინ!

გიორგი, ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის.

მსგავსი სიახლეები