"მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ არაფრად უღირს ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება თუნდაც სამი წლით" - კახა წიქარიშვილი
იურისტი და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მამა, კახა წიქარიშვილი მიხეილ სარჯველაძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ეს პირდაპირი იგნორირებაა ბავშვების სიცოცხლის უფლების.
მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა ნიშნავდა, რომ მათ არაფრად უღირთ ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება.
კახა წიქარიშვილი განმარტავს, რომ მედიკამენტების უსაფრთხოება, რომლებსაც მშობლები ითხოვენ, ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული.
სახელმწიფოს წარმომადგენელი გამოვიდა და ამბობს, რომ მე არაფრად არ მიღირს ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება თუნდაც ერთი წლით, თუნდაც 2 და 3 წლით და მე ამაში ფულს არ გადავიხდი. ეს არის პირდაპირი იგნორირება სიცოცხლის უფლების.
ამ მედიკამენტების უსაფრთხოება არის აღიარებული ევროპული და ამერიკული ორგანიზაციების მიერ. ეს მედიკამენტები იწვევენ სიცოცხლის გახანგრძლივებას არა ერთი და სამი წლით, არამედ 5-6-7 წლით და მეტი ვადით. ჩვენი შვილების სიცოცხლის წლები არ არის სახელმწიფოს მიერ ნაგავში გადასაგდები საკითხი.
თუ გახსოვთ, საქართველოში კოვიდის აცრების დროს ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ხელისუფლებას არ უთქვამს უარი კოვიდის აცრებზე. ყველა პრეპარატს აქვს შესაძლო გართულებები, მათ შორის ფატალური შედეგებიც, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ეს არ უშლის ხელს ამ პრეპარატების მოხმარებას და გამოყენებას," - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ.
ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მაღალჩინოსანი ირწმუნებოდა იმასაც, რომ მედიკამენტები, რომელსაც დედები შვილებისთვის ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა.
ამასთან, სარჯველაძის განცხადებით "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ წამლები, რომლებსაც აქვს პრეტენზია, დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითიც ეტლის საჭიროების ასაკი, შეიძლება, 1-დან 3 წლამდე გადავადდეს".