სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 1080 ხანდაზმულზე იძალადეს
2025 წელს 1080 ხანდაზმული ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი - ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი.
22 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი.
- როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალთა რაოდენობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატება მამაკაცთა რაოდენობას, „რაც იმაზე მიუთითებს, რომ ხანდაზმული ქალები ძალადობის განსაკუთრებულად მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულებზე ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2024 წელს - 1158. კვლევსი თანახმად ძალადობის მსხვერპლი გახდა 860 ხანდაზმული ქალი. კაცების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 298 იყო.
2021 წელს კი ქალებშიც და მამაკაცებშიც, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იკვეთება.
„ხოლო, ბოლო წლებში, გაზრდილია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ქალ მსხვერპლებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. ყველაზე ხშირია ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური და ფიზიკური სახეები“ – წერს ომბუდსმენი.
- ანგარიშში ასევე წერია, რომ ხანდაზმულებისათვის, რომლებიც არ არიან მოთავსებულები მსხვერპლთა დროებით საცხოვრებელში, მაგრამ საჭიროებენ ძალადობისგან დაცვას, ფსიქოლოგიურ, სოციალურ რეაბილიტაციას და იურიდიულ და სამედიცინო დახმარებას, მომსახურება ხორციელდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
- ასევე, ხანდაზმული, დადგენილი სტანდარტების მიხედვით, დაცულია დაწესებულებაში ძალადობისაგან. თუმცა სერვისი არ უზრუნველყოფს ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ხანდაზმულ მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ასევე სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას/დახმარებაზე მორგებულ დამოუკიდებელ და მიზნობრივ პროგრამას.
ამავე წყაროს ცნობით, ზრუნვის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში – თავშესაფრის მომსახურებით 2024 წლის განმავლობაში თვითმოვლის შესაძლებლობის არმქონე ექვსმა ხანდაზმულმა ისარგებლა.
„სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბენეფიციართა უმეტესობას აღენიშნებოდა მოძრაობის ფუნქციური შეზღუდვები და საჭიროებდა დამხმარე მომსახურებას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პროცესში, რასაც ძირითადად უზრუნველყოფდა სამედიცინო პერსონალი (მედდა).
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ თავშესაფრების ნაწილი უარს აცხადებს იმ ბენეფიციართა მიღებაზე, რომელთაც შეზღუდული აქვთ თვითმოვლის შესაძლებლობები, რაც პრაქტიკაში ზღუდავს ამ ჯგუფის ხელმისაწვდომობას შესაბამის სერვისებზე.
დამატებითი პრობლემაა დემენციის მქონე ბენეფიციარების ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში განთავსება. ერთ-ერთი თავშესაფრის ხელმძღვანელის თქმით, დემენციის მქონე ძალადობის მსხვერპლი პირებისათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია რთულია და მათი გაძლიერება წარმოშობს გარკვეულ დაბრკოლებებს.
ფაქტობრივად, ამ სახის სერვისები დემენციის მქონე ბენეფიციარებისთვის ნაკლებად ეფექტიანია და შესაძლოა არ იძლეოდეს მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ან რეალური მხარდაჭერის შესაძლებლობას.
ეს ყოველივე აჩენს შესაბამისი ალტერნატიული სერვისების ან არსებული სერვისის ფარგლებში სპეციალიზებული ზრუნვის საჭიროებას“.
ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულ ბენეფიციარზე პერსონალის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის, ან ერთმანეთის მიმართ ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები ხშირი არ ყოფილა, „თუმცა დაწესებულებებში ხანდაზმულთა ზრუნვის, ძალადობის პრევენციის, პროტოკოლირებისა და მართვის, ფსიქიატრიული შემთხვევის შეცნობისა და მართვის, ასევე, ხანდაზმულთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის საკითხების მცოდნე თანამშრომელი არ ჰყოლიათ.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წელს შესული ცვლილების მიხედვით, ოჯახში ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა, თუმცა ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა ცალკე არ არის გამოყოფილი.
- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხანდაზმული ადამიანები, როგორც ძალადობის მსხვერპლები, ცალკე მოხსენიებულები არ არიან.
მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში“ (2022−2030 წლებისთვის) პირველად გაჩნდა ჩანაწერი ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერების შესახებ და გაიწერა შესაბამისი მიზნები და ამოცანები.