ვის გადაიყოლებს პრემიების სკანდალი?
პრემიებად გაცემული 7 მილიონი ლარით პროკურატურა დაინტერესდა, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დაუსაბუთებლად გაცემული მილიონები ახლა უნდა გამოიძიონ, არადა ბიუჯეტიდან დიდი ფული 2022-2023 წლებში გაიცა. აუდიტის დასკვნას დღეს "ოცნების" დეპუტატები პარლამენტში ისმენდნენ.
აუდიტის სამსახურში "პირველებს" დაუდასტურეს, რომ საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დარღვევების მთელი სერიაა აღმოჩენილი - დასაბუთების გარეშე მხოლოდ პრემიებს არ გასცემდნენ, ირკვევა, რომ შტატგარეშე თანამშრომლებს ხელფასს ისე უხდიდნენ, რომ მათ შესრულებული სამუშაო არც კი აღრიცხულა.
სავარაუდოდ, გამოძიების საგანი გახდება ნავთობისა და გაზის კომპანიის მენეჯმენტის პრემიებიც. 2022 წელს 725 ათასი ლარი, 2023 წელს კი 945 ათასი გაიცა მენეჯმენტის პრემიებზე. ამ პერიოდში სახელმწიფო კომპანიას გიორგი ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში დასაქმებულებზე, ხელფასებსა და პრემიებში დარიგებულ მილიონებზე წლებია მკვლევარები საუბრობენ. არსებობს "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებაც, მაშინ ჩვენი არხის "გამომძიებელმა ჟურნალისტებმა" "ქართული ოცნების" არა ერთი მხარდამჭერი დაადგინეს, ვინც გაზისა და ნავთობის კორპორაციაში, ან მის შვილობილ კომპანიებში ხელფასს იღებდა, თუმცა სამსახურში არც კი დადიოდა.