"იმის გამორიცხვა, რომ (ხანძარი) ხელოვნურად იყო მოწყობილი, რთულია" - "ფორმულა" ეთერში ხვალ დაბრუნდება
ტელეკომპანია "ფორმულა" ეთერში ხვალ დაბრუნდება - ამის შესახებ არხის დირექტორმა, მშა მშვილდაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მიშა მშვილდაძემ თქვა, ჯერ დადგენილი არ არის, თუ რამ გამოიწვია აალება და შემდეგ ხანძარი "დელისის" ბიზნეს ცენტრში, რომლის მე-18 სართულზეც "ფორმულა" მდებარეობს.
არხის დირექტორმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი შესაძლოა ხელოვნურადაც ყოფილიო მოწყობილი.
ჩვენ ამ მომენტისთვის კი ჩამქრალი ვართ, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ხვალვე დავბრუნდებით. დიდი მადლობა ასეთი ღრმა კოლეგიალობისთვის, რომ ამის შესაძლებლობას ამ არხის მეშვეობით მაძლევთ. მადლობა ამისთვის.
გამორიცხვაც რთულია, ხელოვნურად მოწყობილი იყო თუ არ იყო. ეს ძნელი სათქმელია. ჯერ გამოძიებასაც არ დაუდია შეფასება, რამ გამოიწვია აალება. მე არ მომისმენია არცერთი ვერსია და მეც გამიჭირდება თქმა, თუმცა კონტექსტიც ისეთია, ვერაფერს გამორიცხავ.
დღეს ჩვენ რაც გავიარეთ, სხვა რაღაცაზე დამაფიქრაო, რომ ამბობენ, ეგეთი დღე იყო დღეს", - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
თბილისში, დელისის ბიზნესცენტრში, სადაც „ფორმულაც“ მდებარეობს, დღეს ხანძარი იყო, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა.
ამ დროს შენობაში იმყოფებოდნენ ტელეკომპანიის თანამშრომლებიც, ასევე სტუმრები, მათ შორის პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე. მოგვიანებით ისინი შენობიდან უსაფრთხოდ გამოვიდნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
17:00 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი შენობის რამდენიმე სართულზე, შახტაში იყო გავრცელებული.