უბისის მონასტრის ფრესკები განადგურების საფრთხის ქვეშაა
ფრესკების განადგურების საფრთხე უბისაში - ქვეყნის უძველესი კულტურული მემკვიდრეობა სავალალო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც უნიკალური ფრესკები დღითიდღე ფერმკრთალდება და ქრება.
მონასტრის წინამძღოლი დიდი ხანია ამ პრობლემაზე საუბრობს, თუმცა არც კულტურის ყოფილი მინისტრი და ჯერ არც მოქმედი დაინტერესებულან.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფრესკების სავალალო მდგომარეობაზე ყველაფერი იცის კულტურის სამინისტრომ - ირკვევა, რომ ჯერ კიდევ თეა წულუკიანი მინისტრობის დროს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა საქმის კურსში ჩააყენა - დაევალა ძეგლთა დაცვის სააგენტოს პრობლემის მოგვარება, თუმცა, ზუსტად სამი წელია დასკვნა არ გამოქვეყნებულა, რატომ ზიანდება ფრესკები და შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ვერ იწყება - მიზეზი, სავარაუდოდ, თანხების არარსებობაა.
უბისის მთავარ ტაძარში უნიკალური ფრესკები მეფე გიორგი ბრწყინვალეს დროს გაჩნდა. განსაკუთრებით გამორჩეულია საიდუმლო სერობისა და წმინდა გიორგის ფრესკები, რომელიც XIV საუკუნის გამოჩენილ მხატვარს დამიანესა და მის მოწაფეს გერასიმეს ეკუთვნით. როგორც თორნიკე ბარათაშვილი, რომელიც წლებია აკვირდება სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე პროცესებს "პირველებს" გვეუბნება, ფრესკების დიდი ნაწილი სამხრეთ კედელზე რთულ მდგომარეობაშია.
მას შემდეგ, რაც ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა და დაზიანებული ფრესკები საზოგადოებამ საჯაროდ ნახა, ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი გვეუბნება, რომ უბისის მონასტერს მოინახულებს, თუმცა, რა მიზეზით არ არსებობს დასკვნა და არ იწყება ფრესკების მოწესრიგება, ამაზე პასუხი არ აქვს.
უბისის მონასტერში ლაბორატორიული კვლევა 2005 წელს ჩატარდა - მაშინ დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დაზიანება, როდესც სოკოებისა და ბაქტერიების გამო კედლის მხატვრობა დაიშალა, განსაკუთრებით სამხრეთ კედელზე - ამის შემდეგ ფრესკები დამუშავდა და გაიწმინდა, თუმცა, 20 წელია, მსგავსი სამუშაო აღარ ჩატარებულა.