მოკლული მასწავლებლის დედის სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწყო
თბილისში მოკლული გიგა ავალიანის დედის სარჩელის საფუძველზე გამოძიება დაიწყო - ეკა კუპატაძის გამოკითხვა დასრულებულია. მოკლული მასწავლებლის დედა იმ პირების იდენტიფიცირებას ითხოვს, რომლებიც, მისი ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში მისი გარდაცვლილი შვილის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას გეგმავდნენ.
დაიწყებენ ყველა იმ პირის იდენტიფიცირებას, ვინ ე.წ. ბოტებით და ტროლებით გიგა ავალიანის სახელის და ღირსების შელახვა სცადა. რა სახელი უნდა ვუწოდო გიორგი ლეკიშვილს? (ნია იმნაძის ადვოკატი) ის ყოველ ჯერზე ტოვებს შეურაცხადის შთაბეჭდილებას და ახალისებს კრიმინალს. გამოძიება უკვე დაიწყო, ფაქტობრივად ახლა იწყება დღეიდან. სერიოზული მტკიცებულებებია, რისი განადგურებაც შეუძლია ლეკიშვილს, ამიტომ არ გავხსნი ამ ფრჩხილებს", - ამბობს ეკა კუპატაძე.
პარალელურად კი დღეს სასამართლოში მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის მშობლები უნდა გამოეკითხათ, თუმცა ეს პროცესი თავად მშობლების თხოვნით გადაიდო.
ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.