გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - ნია იმნაძე სასამართლოში არ გამოცხადდა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ნია იმნაძე, სკოლის მოსწავლე, რომელიც მოკლული მასწავლებლის საქმის მთავარი ფიგურანტია, სასამართლოში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მოტივით არ გამოცხადდა.
გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, ნია იმნაძის ადვოკატი აგროვებს ცნობებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
ეკა კუპატაძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ექიმი, რომელიც ნია იმნაძეს არასწორ დასკვნას მისცემს კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.
დღეს სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადებულიყო ნია იმნაძე, მაგრამ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ნია იმნაძის ადვოკატი აგროვებს რაღაც ცნობებს იმასთან დაკავშირებით, რომ ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები, რომ ეშინიათ ნია იმნაძე სასამართლო პროცესზე არ შემოაკვდეთ ხელში, ან უფრო მეტიც, არ მოკლას კუპატაძეებმა და ავალიანებმა, რაც რა თქმა უნდა აბსურდია, მაგრამ მას აქვს ყოველგვარი მცდელობა და ვიცი, რომ რაღაც ცნობებს აგროვებს.
ყველა ექიმი, ვინც არასწორ დასკვნას მისცემს ნია იმნაძეს, ყველა აგებს კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს. ყველაფერს მოახერხებს ნია იმნაძის ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, რომ ნია იმნაძე არ მოიყვანოს სასამართლო პროცესამდე. არაუშავრს, ეკა კუპატაძეს აქვს გეგმა "ა", გეგმა "ბ", გეგმა "გ" და ყველა გეგმა ა-დან ჰ-მდე გაშიფრული. ვერ დამისხლტება ხელიდან, მთვარეზე რომ გაიყვანონ იქაც მივაგნებ," - ამბობს ეკა კუპატაძე.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს დღეს გიგა ავალიანის საქმეზე დანაშაულს შეუტყობინებლობის ეპიზოდი უნდა განეხილა. თუმცა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა სასამართლოში ბრალდებულების ეტაპირება ვერ შეძლეს.
შემდეგი სხდომა ხუთშაბათს, 30 აპრილს გაიმართება, სადაც მოსამართლე ნია იმნაძის დისტანციურას ჩართვაზე იმსჯელებს.
- ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.
ვის რას ედავებოდა გამოძიება?
- ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
- გიორგი რიკაძე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
- დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).
რა მოხდა 2025 წლის პირველ ოქტომბერს?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.