"მაღალი ფასების მთავარი გამომწვევი არის ხელისუფლება, რომელიც ხარჯავს ფულს უაზროდ და ეროვნული ბანკი, რომელიც ბეჭდავს ამის შესაბამისად" - დავით მჟავანაძე
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის და კორუფციის მკვლევარის, დავით მჟავანაძის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ფასების გამომწვევი მთავარი მიზეზი ხელისუფლება და ეროვნული ბანკია.
მისი თქმით, ფასების ზრდას "ქართული ოცნების" მიერ ფულის "უაზროდ და კორუფციულად ხარჯვა" და ეროვნული ბანკის მიერ "ამის შესაბამისი ფულის ბეჭდვა" იწვევს.
დავით მჟავანაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში შექმნილი ფასების კომისია მუშაობას მალე დაასრულებს, თუმცა მათი დასკვნა "ისეთივე ბუტაფორიული იქნება, როგორი მასკარადიც იყო მთელი კომისიის მუშაობა".
ფასების კომისია დაასრულებს მუშაობას და მე არ ვიცი რა უნდა დაწერონ იმიტომ, რომ ვინც არის მთავარი გამომწვევი მაღალი ფასების ამ ქვეყანაში, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ხარჯავს ფულს უაზროდ და კორუფციულად და მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკი, რომელიც ბეჭდავს ამის შესაბამის ფულს, ეს ხალხი არ ჰყოლიათ კომისიაზე დაბარებული, არც კობახიძე ჰყავდათ და არც ეროვნული ბანკიდან წარმომადგენელი. შესაბამისად დასკვნა იქნება აბსოლუტურად ბუტაფორიული, ისევე, როგორც მთელი კომისიის მუშაობა იყო მასკარადი.
რეალური მიზეზი, რატომაც ამ ქვეყანაში ფასები არის ასეთი მაღალი, არის უპირველესად ის, რომ ხელისუფლება ხარჯავს არანორმალურად ბევრი რაოდენობის ფულს ხელფასებში, იპარავენ კორუფციის სახით, თვითონ გვაჩვენებს როგორ ედო 7 მილიონი ღარიბაშვილს სახლში, ღარიბაშვილს სახლში რომ 7 მილიონი დოლარი უდევს, ეგ ნიშნავს, რომ ფასები გაძვირებულია ყველგან, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
ის, რომ 16 000 ლარი არის კობახიძის ხელფასი და 13 000 ლარია დეპუტატების ხელფასი, ეს უბრალოდ სალაპარაკო ამბავი არ არის, ეს მათ შორის ფასების გაძვირების მიზეზია იმიტომ, რომ ეს ფული, რომელიც ტრიალებს და ფულის მასა, რომელიც იზრდება, ეს ფულის ასა იზრდება არა იმის ხარჯზე რომ წარმოება გაიზარდა ამ ქვეყანაში, ამ ქვეყანაში ახალი ქარხნები აღარ იხსნება, ამ ქვეყანაში ახალი წარმოება არ ვითარდება. ამ ქვეყანაში შემოდის ფული, ამ შემთხვევაში მიგრანტების ხარჯზე, რუსეთიდან და უკრაინიდან და ეს ფული ტრიალებს ისევ ვიწრო წრეებში, ან ხელისუფლება იმატებს ხელფასებს," - ამბობს დავით მჟავანაძე.