ფასების კომისიის ბოლო სამუშაო დღე - რას ამბობენ ეკონომისტები
ფასების კომისიის ბოლო სამუშაო დღე - ეკონომისტების თქმით, "მსგავსი აბსურდული და ფასადური ქმედებები" რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხისმგებელი მთავრობა და ეროვნული ბანკია.
- ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართება, სადაც ნავთობიმპორტიორებს მოუსმენენ, რის შემდეგაც კომისიამ დასკვნაზე მუშაობა უნდა დაიწყოს.
"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნესებს შორის არსებობს კარტერული და სხვა ტიპის გარიგებები, რაზეც ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული გარიგებების შესახებ "ქართულ ოცნებას" ფასების კომისიის შედეგად არ გაუგია და "თუ ხელისუფლებამ იცოდა, ბიზნესებს შორის რაღაც გარიგებები იყო, აქამდე უნდა ემოქმედა, თუ შეკრული არ იყო".
არსებობს რაღაც გარიგებები ბიზნესებს შორის კარტერული იქნება, თუ რაღაც სხვა ტიპის, უკვე შეიძლება ითქვას კრიმინალური გარიგებები, ამაზე ზემოქმედება უნდა მოახდინოს, რეაგირება უნდა მოახდინოს და ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგრამ გამოდის, რომ თუ ხელისუფლებამ ამის შესახებ იცოდა, ეს კომისიის გამო ხომ არ გაუგია, თუ ხელისუფლებამ იცოდა, ბიზნესებს შორის რაღაც გარიგებები იყო, აქამდე უნდა ემოქმედა, თუ შეკრული არ იყო და თუ მისი ხელდასმით არ ხდებოდა ეს ყველაფერი.
ამიტომ, თუ ფასების შემცირება უნდოდათ, სხვა მიმართულებით უნდა გადადგმულიყო ნაბიჯები. ეს კომისია რისთვისაც შეიქმნა, ეს როლი შეასრულა მეტ-ნაკლებად წარმატებით, რომ რაღაცა ყურადღების გადატანა, თითქოს რაღაცა მოქმედება გვაჩვენეს ხელისუფლებიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერცერთი ჩვენგანი, ვერც "ქართული ოცნების" მომხრეები, მათაც მინდა ვუთხრა, ვერ იგრძნობთ ვერანაირ შეღავათს, პირიქით, დეკემბრიდან მოყოლებული თითქმის ყველაფერზე, განსაკუთრებით სურსათზე ფასები, სამწუხაროდ, გაძვირებულია. გასაღები არის კონკურენციის ზრდაში და მაფიოზურ-კლანური სისტემების ნგრევაში," - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საქართველოშ მდგომარეობა უმძიმესია. პაატა ბაირახტარის თქმით, ფასების კომისიის შექმნიდან დღემდე სურსათის ფასებმა სულ მცირე 7.5%-ით მოიმატა.
მსგავსი აბსურდული და ფასადური ქმედებები და მექანიზმები რეალურ შედეგს ვერ იღებენ. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფს თუ შევხედავთ 7%-ზე მაღალი ინფლაცია გვაქვს, ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს ორნიშნასთან ახლოს ინფლაცია და ეს არის ჯგუფები, რომელიც ყველაზე აქტიურად მოიხმარება ჩვენ სამომხმარებლო კალათაში. აქედან გამომდინარე, მდგომარეობა უმძიმესია, კომისიის დაწყებიდან დღემდე სურსათის ფასები როგორც მინიმუმ 7,5%-ით გაძვირდა და თუ ამისთვის შევქმენით კომისია რავიცი," - აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.
ეკონომისტი, რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და იმის თქმა, რომ ფასები დასტაბილურდა აბსურდია.
იმის თქმა, რომ ფასები დასტაბილურდა, ეს აბსურდია და პრინციპში ასეთი კონტექსტით თვითონაც ვერ ამბობენ, რასაკვირველია. ერთეულოვან, რაღაც პროდუქტზე, 311 დასახელებიდან ერთ პროდუქტზე თუ რაღაც სააქციო ფასი იქნება, ეს სურათს ვერ შეცვლის, სამწუხაროდ და მთელი ეს პრობლემაც ამაში მდგომარეობს.
მათ პასუხისმგებლობა თავსი თავზე უნდა აიღონ იმიტომ, რომ ინფლაციაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფალი, სახელმწიფო. სახელმწიფოში არის ამ შემთხვევაში გარკვეული ავტონომიის მქონე ეროვნული ბანკი და მთავრობა. ისინი ერთნაირად არიან ამ შემთხვევაში ინფლაციაზე პასუხისმგებელნი," - ამბობს რამაზ გერლიანი.