"საქმეში ბრალდების შინაარსი არა მხოლოდ დაუდასტურებელია, არამედ თავისი არსით აშკარად აბსურდულიცაა" - ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატი
"საქმეში ბრალდების შინაარსი არა მხოლოდ დაუდასტურებელია, არამედ თავისი არსით აშკარად აბსურდულიცაა" - ამ სიტყვებით სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატმა, ნათია მეზვრიშვილმა სასამართლოს მიმართა.
მისი თქმით, საქმეში არ მტკიცდება ძალადობისკენ მოწოდება, უკანონო ქმედებისკენ წახალისება, კონკრეტული ქმედება, რომელიც შეიძლება შეფასდეს დანაშაულად, ასევე არ მტკიცდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ნათია მეზვრიშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს მიმართა და უტხრა, რომ მასზეა დამოკიდებული "დარჩება თუ არა ეს საქმე მაგალითად იმისა, რომ სასამართლომ სამართალი დააყენა ყველაფერზე მაღლა".
მოცემულ საქმეში ბრალდების შინაარსი არა მხოლოდ დაუდასტურებელია, არამედ თავისი არსით აშკარად აბსურდულიცაა.
ბრალდება აგებულია იმაზე, რომ ჩვეულებრივი, საჯარო და კონსტიტუციით დაცული განცხადებები შეფასდეს როგორც დანაშაულებრივი ქმედება, მაშინ, როდესაც მათში არ იკვეთება არც ერთი ის ელემენტი, რომელიც აუცილებელია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად.
საქმეში არ დგინდება:
- არც ძალადობისკენ მოწოდება;
- არც რაიმე უკანონო ქმედებისკენ წახალისება;
- არც კონკრეტული ქმედება, რომელიც შეიძლება შეფასდეს დანაშაულად;
- არც შედეგი და არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე ცდილობს, ამავე მასალებს მიანიჭოს სისხლისსამართლებრივი შინაარსი მხოლოდ მათი ინტერპრეტაციის საფუძველზე.
ბატონო მოსამართლე, თქვენს წინაშე დღეს დგას არჩევანი: დამოუკიდებლობასა და გავლენას შორის, თავისუფალ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებასა და წინასწარ განსაზღვრულ შედეგს შორის. განაჩენი ერთი დღის არ არის - ის დარჩება და ყველას ემახსოვრება.
დღეს თქვენზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ეს საქმე მაგალითად იმისა, რომ სასამართლომ სამართალი დააყენა ყველაფერზე მაღლა და მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ კანონისა და მტკიცებულებების საფუძველზე," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის, ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს.
- ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.