სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება
სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ოპოზიციაში პირველი შეფასებები კეთდება - სალომე ზურაბიშვილმა გუშინ Facebook Live-ს დროს, "ქართული ოცნების" დამარცხების გზებზე ისაუბრა და თქვა, რომ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად ოპოზიციისა და საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.
"ლელო- ძლიერ საქართველოში" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მსგავსად ფიქრობენ, რომ "ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება სწორედ არჩევნების გზით და სწორედ საზოგადოების კონსოლიდაციით უნდა მოხდეს და არა ხელოვნური ერთობებით".
ოპოზიციამ და პოლიტიკურმა აქტორებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ბოლო წლის განმავლობაში მძიმე სტრატეგიული შეცდომები დაუშვეს, რომ ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური აქტორები უბრუნდებიან საღ აზრს. ჩვენ გვაქვს ერთი მნიშვნელოვანი საქმე, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება და ამის გაკეთება უნდა მოხდეს ერთი- არჩევნების გზით, მეორე - საზოგადოების კონსოლიდაციით და არა ხელოვნური ერთობებით". - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამგვარი საჯარო განცხადების გაკეთება ოპოზიციასთან საუბრის გარეშე, საზოგადოებაში "დივიდენდების ჩაწერის" მცდელობაა.
როდესაც პოლიტიკაში მყოფი ადამიანები საჯაროდ აკეთებენ ამას, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში რჩევის მოცემაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ, ე.ი. რაღაცა სხვა მიზნებია. რადგან საჯაროდ აცახდებს, ე.ი. ხალხს ანახებს რაღაცას. საკუთარი დივიდენდების ჩაწერის ამბავია - ვინც არ უნდა იყო, საჯაროდ როცა ამას აკეთებ, მაგას აკეთებ. თორე, რჩევა თუ გინდა ჩემთან, მომწერე, შემხვდი, დამელაპარაკე. თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, ვინც არ უნდა იყოს - გააკეთოს და დაგვანახოს, რომ ეს არის სწორი გზა- გადავიღებთ და გავიმეორებთ, საერთო ბრძოლისთვის ძაან მნიშვნელოვანია", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან გახარიას გუნდშიც - გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ჯერ სალომე ზურაბიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვსი ბოიკოტსი გამოცხადებსი გამო და შემდეგ უნდა გააკეთოს მსგავსი განცხადებები.
გაუგებარია, როგორ შეიძლება სალომე ზურაბიშვილი დღეს საუბრობდეს ზოგადად არჩევნებზე და არჩევნებსი მნიშვნელობაზე, როდესაც მას თავად აქვს პასუხისმგებლობა იმ სრულიად დანაშაულებრივ პროცესში, რაც იყო 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი. და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილსიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იყო ამ ბოიკოტის ინიციატორი. სანამ ამ შეცდომას (თუ ეს შეცდომაა და დანაშაული არ არის, ეს ცალკე საკითხია)ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ აღიარებს, იმიტომ კი არა რომ მისგან ვინმეს ბოდიშის მოხდა უნდა, არამედ იმიტომ, რომ აქედან დასკვნების გამოტანაა საჭირო, რატომ იყო ეს შეცდომა და რა შეიძლება შეცვალონ მომავალში, მანამდე უბრალოდ არასერიოზული და უპასუხისმგებლობაა ასეთი განცხადებების კეთება მისი მხრიდან", - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, გუშინ Facebook Live-ს დროს თქვა, რომ ივანიშვილის გუნდის დამარცხება თავისუფალ არჩევნებზე გადის. ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მოსაპოვებლად ოპოზიციისა და საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.
გაერთიანება უნდა ეხებოდეს არა მარტო პარტიებს, არამედ საზოგადოების ყველა სეგმენტს - ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.