დასაქმებულების შრომითი პრობლემების მოსაგვარებლად 4 პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანება იქმნება
დასაქმებულების შრომითი პრობლემების მოსაგვარებლად ოთხი პროფესიული კავშირის ახალი გაერთიანება იქმნება - მოქალაქეების საჭიროებებზე მუშაობას ერთობლივად დაიწყებენ რუსთავის, ჭიათურის, ლაბორის და საჯარო მოხელეების ერთიანობაში შემავალი მოქალაქეები.
როგორც ისინი ამბობენ, ახალი გაერთიანება საფუძველს ჩაუყრის ყველა დასაქმებულის თანაბარ პირობებში მუშაობას იმისთვის, რომ დაცული იყოს მათი უფლებები.
„ამ ადამიანებს და ამ პროფკავშირებს აქვთ უდიდესი გამოცდილება დასაქმებულთა უფლებების დაცვაში. მზად ვართ, რომ ერთობლივი ძალებით დავიცვათ საქართველოში დასაქმებულთა შრომითი ინტერესები“, - განაცხადა „ლაბორის“ თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე „ტვ პირველთან“.
„როცა „აზოტში“ დაიწყო დიდი საპროტესტო აქციები დამსაქმებლების მხრიდან დამამცირებელი ქმედებების გამო, ხელმძღვანელებმა სცადეს ხალხის დაშოშმინება და დაშინება, რომ დაგიჭერენ, გაგაგდებენ და მსგავსი შემთხვევები. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა დასაქმებულების უფლებებს“, – თქვა რუსთავის აზოტის წარმომადგენელმა.