„მთავრობამ ბურთი ეროვნული ბანკის მოედანზე გადააგდო“ — ეკონომისტები რეფინანსირების განაკვეთის ზრდას აფასებენ
მთავრობამ ბურთი ეროვნული ბანკის მოედანზე გადააგდო, - ასე აფასებენ ეკონომისტები თურნავას უწყების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. გიორგი ხიშტოვანის თქმით, "ოცნების" მთავრობას გარე შოკებთან გასამკლავებად საგადასახადო რეჟიმის გადახედვა არ სურს ამიტომ მოქმედება ეროვნულ ბანკს სთხოვა.
ამასთან, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საკმარის შედეგს ვერ გამოიღებს და ქვეყანაში ინფლაციას ვერ დაარეგულირებს.
მთავრობა უმოქმედობს ანუ ამ გარე შოკზე რეაქცია "ქართულ ოცნებას" არ გააჩნია, მან არც საგადასახადო რეჟიმს გადახედა იმისთვის, რომ პირობითად, დღგ და აქციზი შეემცირებინა დროებით ნავთობპროდუქტებზე, შესაბამისად, ფაქტობრივად, ბურთი გადააგდო ეროვნული ბანკის მოედანზე, რადგან მთავრობას არ უნდა ან არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება. თავისთავად, ეს გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ არ არის საკმარისი. იმ შოკიდან გამომდინარე და იმ რაღაცა, ინფლაციური ცუნამი მოდის საქართველოსკენ, მე ასე ავხსნიდი: იყო მოლაპარაკება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის. მთავრობამ თქვა, რომ ის არ არის მზად, აქციზი შეამციროს ნავთობპროდუქტებზე, ამიტომ დაავალა თუ სთხოვა ეროვნულ ბანკს მოქმედება. ეროვნულ ბანკს არ უნდოდა განაკვეთის ზრდა, რადგან ეს შეანელებს ეკონომიკას, მაგრამ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა, ოღონდ გააკეთა ეს მინიმალურად, ყოველგვარი ეფექტის გარეშე, ამიტომ ნაბიჯი სწორია, ეფექტი ექნება ნული, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
გადასახადაების შემცირებაში ხედავს გამოსავალს ეკონომისტი პაატა ბაირახტარიც. მისი თქმით, გარე შოკების განეიტრალება სწორედ ფისკალურ ხელისუფლებას ხელეწიფება და არა ეროვნულ ბანკს.
დღეს გავზარდოთ და ხვალ ყველაფერი გასწორდება, სამწუხაროდ, ასე არ მოქმედებს ეს ინსტრუმენტი. მას, ყველა ეკონომიკაზე სხვადასხვაა და ჩვენს ეკონომიკაზე დაახლოებით 3-დან 6-მდე გადაცემის პერიოდი გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს ნაბიჯი არის დაგვიანებული. რაც შეეხება დღეს არსებულ საგარეო შოკებს, რომელიც გლობალური ნავთობის ბაზრებიდან მომდინარეობს, ეს არის დროებითი შოკი, რომლის განეიტრალებაც ხელეწიფება, ამ შემთხვევაში, ფისკალურ ხელისუფლებას და არა ეროვნულ ბანკს, მაგრამ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამს. ეს ნაბიჯები შეიძლება, იქნას გამოხატული სხვადასხვა საგადასახადო ინსტრუმენტებით ლავირების ფორმით. მაგრამ, ამას არ აკეთებს, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი, რომლებმაც ეს საგარეო შოკები შეარბილეს სწორედ შიდა საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა: მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიანი პრობლემის რეგულირება შესაძლებელია ისე, როგორც გითხარით და გრძელვადიანი პრობლემა უნდა დაარეგულიროს ცენტრალურმა ბანკმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების პრობლემა იქნება სულ, - ამბობს პაატა ბაირახტარი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და ის 8.25%-ის დონეზე დაადგინა.
სებ-ში გადაწყვეტილებას გლობალურ ბაზრებზე გაზრდილ ინფლაციურ რისკებს უკავშირებენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მტკიცებით, ფასებზე მთავარი გავლენა ამ ეტაპზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირებას აქვს.